ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გაზრდილი სანქციებით ქართული ოცნება ცდილობს აქტივისტების დაშინებას.

"ამ კანონპროექტს რეალურად არ ჰქვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები. ამ კანონპროექტს ჰქვია ქართულ ოცნებას ეშინია. ეს არის ამ კანონპროექტის რეალური სათაური და შინაარსი. მათ ეშინიათ, რომ საზოგადოებრივი პროტესტი მოიმატებს და ამიტომ ცდილობენ გაზრდილი სანქციებით დააშინონ მშვიდობიანი პროტესტანტები და მეორეს მხრივ, მათ ეშინიათ, რომ ამ ქვეყნის პოლიცია ერთხელაც ადგება და ქართული ოცნებისთვის ნასროლ ტალახს აღარ მოიხვედრებს იმიტომ, რომ პოლიციელებს აქვთ თავიანთი ღირსება და ძალიან ბევრს არ სიამოვნებს, როდესაც უკანონო და უსამართლო ბრძანებებს ასრულებინებენ, ამიტომ საპოლიციო ჩამოშლის საფრთხე ქართულ ოცნებას უდგას და ამ საფრთხის პრევენციასაც ცდილობს ", — განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ახალი კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის (173-ე მუხლი) სანქციები იზრდება.

ამასთან ცვლილება ეხება 12-საათიან პატიმრობასაც. კერძოდ, მოქმედ კანონში წერია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს, ხოლო თუ ეს დაკავება არასამუშაო დროს ემთხვევა, ადამიანი შეიძლება დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსონ საქმის განხილვამდე, თუმცა დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 48-საათიანი ნორმა არაკონსტიტუციურია, რადგან განსხვავებულ მოპყრობას აწესებს. თუმცა ქართული ოცნება ცვლის არა ამ კონკრეტულ ჩანაწერს, არამედ ზრდის პირველ, 12-საათიან ვადას და მიზნად თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას ასახელებს.

კანონპროექტს აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც:

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

სოციალური სამართლიანობის ცენტრი