ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ უნდა გაითვალისწინოს ის გარანტიები, რომელიც ევროკავშირის მხრიდან არის შეთავაზებული. ამის შესახებ მან საქართველოში ვიზიტის დასასრულს მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ძალიან კარგი იქნება, თუ ის განიხილავს იმ შემოთავაზებებს და იმ გარანტიებს, რაც გახლავთ შემოთავაზებული ევროკავშირის პარტნიორების მიერ", — ამბობს მინისტრი.

ამასთან, ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და პარლამენტის წევრებმა გამოხატონ სურვილი, რომ შეუერთდნენ იმ ძალისხმევას, რომელიც უკავშირდება შეთანხმების სწრაფ და დაუყოვნებლივ განხორციელებას.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოპოზიციასთან შეხვედრაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, შეთანხმება ევროკავშირის მხრიდან იყო შეთავაზებული, თუმცა მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ქართული მხარეა:

"ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი გახლდათ, რომ ჩამოვსულიყავი მომესმინა ყველა მხარისთვის და შევეცადე გამეგო რას ფიქრობენ ისინი და რა ეტაპზე იმყოფებიან პოლიტიკური მხარეები. ჩვენ შეგვიძლია გავაღოთ კარი, შეგვიძლია გავუძღვეთ ამ კარისკენ, მაგრამ ამ კარში ქართველებმა უნდა გაიარონ".