თბილისის მოსახლეობა ორ კატეგორიად იყოფა: ისინი, ვინც ვახტანგ გორგასალს ხოხობზე ნადირობისას უკვე ადგილზე დახვდნენ და ისინი, ვინც თურმე აი, გუშინ არსაიდან გამოჩნდნენ და გადაავსეს ქალაქი. უსაშველოდ აბსურდულად კი ჟღერს, მაგრამ რაც უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ ეს მოდელი შეესაბამება ბევრის წარმოდგენებს.

მეტიც, მსგავს შეხედულებებს ყოველდღიურ საუბრებსა თუ ურთიერთობებში სხვადასხვა ფორმით ამჟღავნებენ. ამით განსაკუთრებით გამოირჩევიან, აი, ზემოთ პირველად ხსენებული კატეგორიის ხალხი ან ისინი, ვინც წარსულის გაქრობას და ამ კატეგორიაში თავის გაყვანას სასოწარკვეთილი ცდილობს.

მოკლედ, ამ სტატიაში იმ რამდენიმე თვალსაჩინო ფრაზას წარმოგიდგენთ, რომელთა მოსმენაც თბილისში ჩამოსულებს ყელში ამოუვიდათ და თუ მაინც გადაწყვეტთ, საოცრად ორიგინალურები იყოთ და მაინც გაიმეოროთ იგივე, ეს ალბათ უფრო თქვენზე იტყვის ბევრს, ვიდრე ამ ფრაზების ადრესატზე.

1. "როგორ მიყვარს აღდგომა, ქალაქში მხოლოდ ნამდვილი თბილისელები ვრჩებით"

ფოტო: Giphy

როგორც იქნა! რა სანუკვარი გრძნობაა ალბათ, არა? ამას მხოლოდ რჩეულები გაიგებენ. თბილისობის აღნიშვნასაც ამ თარიღს ხომ არ დაამთხვევდით, ბარემ მხოლოდ ნამდვილებმა რომ იზეიმოთ? არ არის ხელიდან გასაშვები იდეა.

2. "კაია გოროდი?"

ფოტო: Tenor

ამ კითხვის ფორმულირება მისსავე მთქმელზე უკვე ისედაც ყველაფერს ამბობს და სხვა შეფასება არცაა საჭირო.

3. "უი, ქუთაისიდან ხარ? ლაშას ხომ არ იცნობ?"

ფოტო: Tenor

ჰო, რატომღაც თბილისს მიღმა მთელი საქართველო ისეთი პატარაა, რომ ყველა ყველას იცნობს. სახელის სრულად თქმა რა საჭიროა, მხოლოდ პირველი ასოს ხსენებაც საკმარისია და მაშინვე გეტყვიან, ვინ ვინ არის.

4. "აუ, რა კარგია, რომ სახლი სოფელში/მთაში/ზღვაზე გაქვს, დავისვენებ ხოლმე შენთან!"

ფოტო: Tenor

კი, ამ ადამიანებმა ბედნიერებისგან აღარ იციან, რა მოიმოქმედონ! თუმცა სანამ ამას ვინმეს ეტყვით, მანამდე დაფიქრდით, თავად როგორი მასპინძლობა გაუწიეთ მას დედაქალაქში, რომ იმავეს მოლოდინი გქონდეთ.

5. "აქცენტი სულ არ გეტყობა"

ფოტო: Giphy

ეს ისეთი სასწაული მიღწევაა, მორჩა, ამ ადამიანის ცხოვრება უკვე შედგა! როგორც წესი, ამას ისე გაოცებული აღნიშნავენ ხოლმე, თითქოს საქართველოს სხვა ყველა კუთხეში ქართულად არ საუბრობენ და თბილისში დამკვიდრებული ისეთი ფორმები, როგორებიცაა "ვსვავ", "ვიცმევ" და სხვა, სულაც არ არის პრობლემური.

6. "რას ჩამომიტან?"

ფოტო: Gifer

რა თქმა უნდა, ყველა მხარეში ერთი ნაცნობი უნდა გყავდეს, რომ კახეთიდან ჩურჩხელა, სამეგრელოდან სულგუნი და აჭარიდან კაიმაღი ჩამოგიტანონ.

7. "თქვენთან წყალი მოდის? შუქი არის? გაზიც?"

ფოტო: Gifer

დაუჯერებელია, მაგრამ მობილურიც კარგად იჭერს და მეტიც — ინტერნეტიც კი შეიძლება იყოს!

8. "ნეტავ, მეც მქონდეს სოფელი, რა ჯობია სუფთა ჰაერს და ნატურალურ პროდუქტს"

ფოტო: Giphy

როგორც წესი, ამას შემდეგი გაგრძელება აქვს ხოლმე: "შენს ადგილას, მე ქალაქში არ წამოვიდოდი" — და მაშინ შენ რაღა გაკავებს იქითკენ წასასვლელად?

9. "რუსთავიდან როგორ ჩამოდიხარ?"

ფოტო: Tenor

რუსთავის ნაცვლად თბილისის სიახლოვეს სხვა ნებისმიერი ადგილი შეგვიძლია ჩავსვათ და პასუხი მაინც იგივე იქნება: "მშვენივრად, რატომ მეკითხები?" ბევრს უჭირს იმის წარმოდგენა, რომ თბილისის ერთი უბნიდან მეორეში მისასვლელად უფრო მეტი დრო შეიძლება დაგჭირდეს, ვიდრე, მაგალითად, რუსთავში ჩასასვლელად.

10. "ძაან სოფლელია"

ფოტო: Giphy

"პროვინციელია ნუუ".

ყველაფერი ცუდის, მიუღებლის ან უსიამოვნოს სოფელთან დაკავშირება კარგს არაფერს მეტყველებს მის მთქმელზე. კაცობრიობა უკვე დიდი ხანია შეთანხმდა, რომ სოფელი და ქალაქი შავ-თეთრად და ბოროტება-სიკეთედ არ იყოფა.