ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა განხორციელდეს "ყოველგვარი გადახვევის" გარეშე და მთელი სისრულით.

საქართველოში ვიზიტის დასასრულ, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა მედიასთან შეხვედრა გამართა და კითხვებს უპასუხა. სიტყვით გამოსვლისას ლანდსბერგისმა შეაქო პოლიტიკური პარტიები მიშელის შეთანხმების მიღების გამო და აღნიშნა, რომ წინ კიდევ მრავალი რეფორმაა გასატარებელი.

"შეთანხმება არ გახლავთ დასასრული. შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სხვა ნაბიჯები, რომლებიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა პოლიტიზებული მართლმსაჯულების მოგვარება, ამბიციური სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, ძალთა გადანაწილება პარლამენტში — ეს გახლავთ ის საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს. და ნება მომეცით, ძალიან ნათლად გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა იქნას განხორციელებული ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მთელი სისრულით", — აღნიშნა მინისტრმა.

როგორც მან თქვა, მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი და ლიეტუვა მხარს უჭერს ნებისმიერი საერთაშორისო ძალისხმევას, რომ ეს "ზედმიწევნით" მოხდეს.

რაც შეეხება მონიტორინგის სისტემას, ლანდსბერგისი ამბობს, რომ საქართველოში საკმაოდ აქტიური საელჩო აქვთ და საჭიროების შემთხვევაში მზადაა დაბრუნდეს.