2020 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 11 715 ადამიანით გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა, ძირითადად, დედაქალაქის ხარჯზე მოხდა, ვინაიდან 11 დან 7 რეგიონში მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირებულია.

მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდა იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში, ხოლო ყველაზე მაღალი ზრდა დედაქალაქსა და ქვემო ქართლში დაფიქსირდა.

რეგიონები, სადაც 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია:

  • იმერეთი — ცხოვრობს 481 ათასი ადამიანი, შემცირებულია 5 510-ით;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — ცხოვრობს 308 ათასი ადამიანი, შემცირებულია 2 755-ით;
  • შიდა ქართლი — ცხოვრობს 254 ათასი ადამიანი, შემცირებულია 1 043-ით;
  • სამცხე-ჯავახეთი — ცხოვრობს 151 ათასი ადამიანი, შემცირებულია 1 004-ით;
  • გურია — ცხოვრობს 107 ათასი ადამიანი, შემცირებულია 998-ით;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — ცხოვრობს 29 ათასი ადამიანი, შემცირებულია 580-ით;
  • კახეთი — ცხოვრობს 310 ათასი ადამიანი, შემცირებულია 473-ით;

რეგიონები, სადაც 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია:

  • თბილისი — ცხოვრობს 1,2 მილიონი ადამიანი, გაზრდილია 17 913-ით;
  • ქვემო ქართლი — ცხოვრობს 437 ათასი ადამიანი, გაზრდილია 3 106-ით;
  • აჭარა — ცხოვრობს 355 ათასი ადამიანი, გაზრდილია3 013-ით;
  • მცხეთა-მთიანეთი — ცხოვრობს 93 ათასი ადამიანი, გაზრდილია 46-ით;

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში, 2020 წელს, 4 017 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, თუმცა მოიმატა იმიგრირებულთა სალდომ (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის), რამაც მოსახლეობის საერთო რიცხვი გაზარდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020-ში იმიგრანტთა რაოდენობა 15 732-ით აღემატებოდა ამ პერიოდში საქართველოდან ემიგრირებულებს — ეს ის მთავარი მიზეზია, რის გამოც გასულ წელს საქართველოს მოსახლეობის საერთო რიცხოვნობა გაიზარდა.