საქსტატის წინასწარი შეფასებით, ერთწლიანი ვარდნის შემდეგ, მარტში, გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი კვარტალის ჭრილში 4,2%-იანი კლება ფიქსირდება, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა იანვარში 11,5%-ით, ხოლო თებერვალში 5,1%-ით შემცირდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.

აღსანიშნავია, რომ მარტში 5 291 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 118,1%-ით მეტია. ასევე, 21,5%-ით არის გაზრდილი დამატებითი ღირებულების გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა და მარტის მდგომარეობით 7,9 მილიარდ ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის შემცირება გასული წლის მარტიდან დაიწყო, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე მიღებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. ეკონომიკის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. ბოლო გათვლების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 13,2%-ით, მესამე კვარტალში — 5,6%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6,8%-ით შემცირდა. წლიურად, 2020-ში საქართველოს ეკონომიკამ 6,2%-ით იკლო.

რაც შეეხება პროგნოზებს, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე აზიის განვითარების ბანკი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 3,5%-ით გაზრდას ელოდება. ეროვნული ბანკის გათვლებით კი, წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ის ფარგლებში გაიზრდება.