ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებით, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ნიკა მელიასთვის საუკეთესო გამოსავალი შეეთავაზებინათ და იმედოვნებს, რომ მიიღებს გირაოს.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საუკეთესო გამოსავალი და გათავისუფლების გზა შეგვეთავაზებინა ბატონი მელიასთვის, ის გონიერი კაცია და ვიმედოვნებ მიიღებს ამ გირაოს, ისევე, როგორც ამნისტიას, რომელიც იმედი მაქვს შეთანხმდება და შესრულდება. ნუ ეძებთ რამეს დამატებით, ნუ შეუშლით ხელს პროცესს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე პასუხისმგებლობა ყველას აკისრია. შეთანხმების პირობების სწრაფი და სრულყოფილი შესრულებით ყველა მოგებული დარჩება", — განაცხადა ევროპარლამენტარმა რუსთავი 2-ის ეთერში. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ რომ ის ვერ შევა პარლამენტში, სადაც 20 ივნისს ძალადობაში მონაწილე პირებს შეიწყალებენ.

27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი ვერსია დაინიცირდება — ერთი ქართული ოცნების და მეორე, ოპოზიციის. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათ ვერსიაში საუბარია დაზარალებულის ნების გათვალისწინებაზე, ქართული ოცნებისაში კი არა.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, ორივე კანონპროექტი ითვალისწინებს ნიკა მელიას გათავისუფლებას, თუმცა ქართული ოცნების იდეაა, რომ კანონპროექტი შეეხოს მთლიანად მოვლენას და მხოლოდ გამონაკლისს სახით გამოირიცხოს ძალადობა და კონვენციური მუხლები.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ქართული ოცნების ვერსიაში მაკო გომურის შემთხვევა გამონაკლისი იქნება.