ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, ის ძალიან ბედნიერი იყო, როდესაც საქართველოს პარლამენტში დაიწყო სესია და სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ფართოდ იყო წარმოდგენილი.

"ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც გუშინ პარლამენტში დაიწყო სესია და სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ფართოდ იყო წარმოდგენილი. როგორც იქნა, საქართველოს პარლამენტს ჰყავს ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ყველა იმ რეფორმის იმპლემენტაციის გზაზე, რაც ქვეყანას სჭირდება, მათთვის კი ვინც ჯერ არ შეუერთდა პარლამენტს, ჩემი გზავნილი იგივეა, გთხოვთ, მოუსმინოთ ხალხს, გთხოვთ, პატივი სცეთ ხალხის არჩევანს, ვინც მანდატი მოგანიჭათ, რომ მათ წარმოადგენდეთ, გთხოვთ, დაიკავოთ ადგილები პარლამენტში და დაიწყოთ მუშაობა ხალხის სასარგებლოდ. ახალი არჩევნები მალეა, რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით პროცესს. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, დააცხრონ პოლიტიკური დაძაბულობა და თვითმმართველობის არჩევნებზე მშვიდად მივიდნენ", — განაცხადა კალიურანდმა რუსთავი 2-ის ეთერში. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ 27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში მივიდა. პარლამენტში პირველად მივიდნენ: ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი — მეტი თავისუფლება, ასევე, ინდივიდუალურად არიან სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე. პარლამენტში არ არიან და დოკუმენტს ხელს არ აწერენ ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი.

საკანონმდებლო ორგანოში უკვე არიან გირჩი და მოქალაქეები. მათგან ალეკო ელისაშვილის პარტია უკვე მონაწილეობს საპარლამენტო საქმიანობაში, ხოლო ხვიჩია, მეგრელიშვილი და რაქვიაშვილი აცხადებენ, რომ მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებენ, ასევე, ისარგებლებენ იარაღის ტარების უფლებითა და დეპუტატის იმუნიტეტით.

პარლამენტში მისული ოპოზიცია დღეს, სავარაუდოდ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს, რომელიც შეთანხმების თანახმად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეეხება. თუმცა საუბარია იმაზეც, რომ გათავისუფლდებიან სამართალდამცავი უწყების ის წარმომადგენლებიც, რომლებმაც 20 ივნისის აქციაზე ძალას გადაამეტეს. ასევე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოსცემს.

თავდაპირველად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეთანხმებაში გათვალისწინებულ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე უარი განაცხადა, თუმცა 26 აპრილს მან გირაოთი გათავისუფლებაზე მზადყოფნა გამოთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის კანონს უკან გაითხოვენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა 19 აპრილს მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.