ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მინისტრთან შარლ მიშელის დოკუმენტზე ისაუბრეს. როგორც ჯაფარიძე ამბობს, შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს დოკუმენტი იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რაც შეიძლებოდა დადებულიყო.

"მეორე ის, რომ ამ ტექსტში არსებული პუნქტების შესრულება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და არ არსებობს არანაირი გეგმა "ბ", რომელიც შეიძლება იყოს მხარდაჭერილი ევროკავშირის მხრიდან. მესამე ის, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და ფოკუსირება ამ დოკუმენტში არსებული პუნქტების შესრულებაზე", — თქვა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მინისტრთან შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ოპოზიციას სრული მხარდაჭერა ექნება, რათა ქართულმა ოცნებამ შეთანხმების ყველა პუნქტი შეასრულოს და ასევე, მიშელის დოკუმენტის შესრულება იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების მექანიზმი.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში გუშინ, 27 აპრილს ჩამოვიდა. დღეს ის საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა. ლანდსბერგისს შეხვედრა აქვს დაგეგმილი სამოქალაქო სექტორთანაც.