Amnesty International 2016/17 წლების ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე, ლგბტ პირთა უფლებებსა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებაზე.

სასამართლოს დამოუკიდებლობა

ანგარიშში ნათქვამია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის შეშფოთების საგანია სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობა და შერჩევითი სამართლის არსებობა.

Amnesty-ის ანგარიშში წერია "კაბელების საქმის" შესახებ, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს და სასამართლომ ისინი დამნაშავედ სცნო.

ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე, რომლის მიხედვით, ტელეკომპანია ყოფილ მფლობელს მიაკუთნეს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მერაბიშვილის საქართველოს წინააღმდეგ. დოკუმენტში წერია ისიც, რომ გასული წლის 21 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმჟამინდელი თავმჯდომარე, გახმაურებულ საქმეებზე მომუშავე მოსამართლეებზე განხორციელებული, სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ალაპარაკდა.

შეკრების თავისუფლება

ანგარიშის თანახმად, საქართველში მშვიდობიანი შეკრების უფლება დიდწილად შეუზღუდავია, თუმცა, ასევე ნათქვამია, რომ გარკვეულ პოლიტიკურად მოტივირებულ ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის.

მაგალითისთვის, ანგარიშში წერია 22 მაისს, კორცხელში მომხდარი დაპირისპირების შესახებ, როდესაც საარჩევნო უბანთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს დაესხნენ.

გამოხატვის თავისუფლება

Amnesty-ის გამოკვლევაში მოყვანილია ის ფაქტიც, როდესაც 15 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვდა. კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ თავდაპირველად, კანონპროექტს მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა.

ლგბტ პირთა უფლებები

ლგბტ პირთა უფლებების კუთხით, Amnesty მიმოიხილავს ისეთ ფაქტებს, როგორიცაა კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრა, რომელსაც 9 აგვისტოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მხარი არ დაუჭირა, ასევე იმასაც, რომ 23 ნოემბერს, თბილიშში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ და მიღებული დაზიარენებების შედეგად, იგი სავადმყოფოში გარდაიცვალა. მაგალითისთვის მოყვანილია ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების სტატისტიკა, რომლის თანახმად, სულ მცირე 35 ტრანსგენდერ ქალს დაესხნენ თავს.

წამება და სხვა სასტიკი მოპყრობა

"პოლიციელების მხრიდან, წამების, სასტიკი მოპყრობისა და სხვა დარღვევების ფონზე, მთავრობამ ვერ შექმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევებზე იმუშავებდა", - წერია ანგარიშში. Amnesty-ის კვლევაში მოყვანილია დემურ სტურუას თვითმკვლელობის მაგალითი.