ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, ლიეტუვა მზადაა, რომ ტრანსატლანტიკურ გზაზე საქართველოს უფრო მეტი დახმარება შესთავაზოს, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პრობლემები ჯერ კიდევ რჩება. ამის შესახებ მან თბილისში ვიზიტისას, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ ლიეტუვა რჩება იმ იდეის მხარდამჭერად, რომ ევროკავშირი უფრო მეტად დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს.

"ჩვენ შეგვიძლია საქართველოს შევთავაზოთ მეტი დახმარება, ტრანსატლანტიკურ გზაზე ჩვენი საექსპერტო ცოდნით, "ნოუ-ჰაუტი", თუმცა პოლიტიკურ პრობლემები რჩება საქართველოში. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო პარტიების უმრავლესობამ, მათ მიიღეს შარლ მიშელის შეთავაზება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა პარტია შეუერთდება შეთანხმებას და პარლამენტში იმუშავებს და უნარი ექნება, აიღო საკუთარ თავზე სასამართლო, საარჩევნო რეფორმები, რომელიც ძალიან სჭირდება საქართველოს მოსახლეობას და მის პოლიტიკურ სისტემას. ჩვენ არ გაგვაჩერებს შიდა პოლიტიკური პრობლემები ჩვენს სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში, რათა საქართველო უფრო დაცული გახდეს, რეგიონიც იყოს უსაფრთხო, ჩვენ გავაგრძელოთ ტრანსატლანტიკური მიმართულების განხილვა, რომლის ნაწილადაც საქართველო აღიქვამს თავს", — აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში გუშინ, 27 აპრილს ჩამოვიდა. დღეს ის საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა. გარდა ამისა, მას აქვს დაგეგმილი შეხვედრები ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან.