"ნუ დავიძაბებით იმით, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ. ყველაფერი კეთდება", — ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციის ტემპის შესახებ დეპუტატების კითხვას. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ახალგაზრდებიც აიცრებიან და ხანდაზმულებიც და "არ არის საჭირო საზოგადოებაზე ზედმეტი ზეწოლა".

"ეს პროცესი ვითარდება, დადებითი დინამიკაა, უბრალოდ, საჭიროა მოთმინება, რომელიც სამწუხაროდ, ხშირად არ გვაქვს ხოლმე. მე ძალიან დიდი იმედით ვუყურებ ამ პროცესს და დარწმუნებული ვარ, რომ ის დათქმული ვადები, როდესაც ჩვენ უნდა გვყავდეს აცრილი საზოგადოების 60%, იქნება შენარჩუნებული", — განაცხადა ტიკარაძემ.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით მან, ასევე, თქვა, რომ "შეიძლება გვქონდეს კომპლექსი, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ" და არ უნდა გვეგონოს, თითქოს ამას ვერ ვაკეთებთ.

"ვაქცინაციას აქვს ის ტემპი, რა მოლოდინიც გვქონდა. მოსახლეობას სჭირდება დრო იმისთვის, რომ კარგად გაიაზროს ვაქცინის უსაფრთხოება, ვინაიდან, არამხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ მედიაშიც არის ძალიან არაერთგვაროვანი განცხადებები ვაქცინის სანდოობასა და მის ზიანთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან მალე გაიაზრებს, რამდენად დიდია ვაქცინის სარგებელი და უფრო ინტენსიურად ჩაერთვება ამ პროცესში. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი დაძალების, ვინაიდან ეს არის ადამიანის არჩევანი და ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს", — თქვა მან.

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს მოსახლეობას ვაქცინების ფართო არჩევანი შესთავაზოს და ამის გამო საერთაშორისო კოლეგებისგან საყვედურიც მიიღეს, რადგან სხვა ქვეყნებში მოსახლეობას ეს არჩევანი არ აქვს.

"სხვა ქვეყნებში ეს არჩევანი მოსახლეობას არ აქვს და ითვლება, რომ ყველა ვაქცინა არის ვაქცინა. მაგრამ გამომდინარე ქართველი საზოგადოების კულტურიდან და გენეტიკიდან, ჩვენ გავითვალისწინეთ ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, რომ საკმაოდ ფართო მენიუ შევთავაზოთ ვაქცინების კომპონენტში", — თქვა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, 15 მარტიდან დღემდე, 28 აპრილამდე საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინა სულ 41 801 ადამიანს აქვს გაკეთებული.