გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს უსვამს კითხვას და ინტერესდება, როდის დამთავრდება "თავის მოტყუება", რომ კომენდანტის დაწესებით, "თითქოს რამე კეთდება".

"როგორც საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში ყველამ იცოდა, რომ კომუნიზმისა და ლენინის არავის არ უნდა დაეჯერებინა, ზუსტად ასე, არავის არ სჯერა, რომ კომენდანტის საათი, რომელიც იწყება 9 საათზე და 6-მდე გრძელდება, ეს აკავებს ამ წუთას ვირუსს და შესაბამისად, ეს არის, როგორც უკიდურესად აუცულებელი ზომა.

საყოველთაო ტყუილში ვცხოვრობთ, ჩემი აზრით და ადამიანებსაც ვატყუებთ. ვიცით, რომ ამას არანაირი შინაარსი არ გააჩნია. გულწრფელები რომ ვიყოთ, მე არავინ არ მგონია ამ დარბაზში ისეთი, ვისაც არ ესმის 9 საათზე კომენდანტის საათის და იქიდან გამომდინარე შეზღუდვების, უაზრობა. მაგრამ ამას ვაგრძელებთ, როგორც საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში ვაგრძელებდით კომუნიზმისა და ლენინის რწმენას.

მართლა ადამიანურად, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს მაინტერესებს, როდის დამთავრდება ეს თავის მოტყუება, რომ თითქოს რამე კეთდება 9 საათზე კომენდანტის საათის დაწესებით და მისი 6 საათზე გამორთვით [...] ეს უაზრობა, მე მგონი ყველასთვის გასაგებია, რომ უნდა დამთავრდეს", — თქვა მან.

დღეს, 28 აპრილს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ. მინისტრის საათის ფარგლებში ვიზიტისას, ტიკარაძემ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, კორონავირუსის ვაქცინებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე "უარგუმენტოდ" აკრიტიკებენ.

გაიგეთ მეტი: