საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობა ნამდვილად არის ინფექციის გამავრცელებელი, თუმცა კომენდანტის საათის გადაწევის შემთხვევაშიც, "ადამიანის ქცევიდან გამომდინარე", იგივე ეფექტს მივიღებთ. ამის შესახებ მან პარლამენტში, დეპუტატ დავით კაჭარავას კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

"პირველი დღეებიდან, მას შემდეგ რაც პანდემია დაფიქსირდა, გვაქვს დაყენებული წინადადება და შრომითი ინსპექციისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან არის მოწოდება, რომ ტრანსპორტში დაცული იყოს მხოლოდ 50%-იანი დატვირთვა. აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილი არის, მაქსიმალურად შესაძლებელი გახდეს და დაემატოს როგორც მუნიციპალურ ტრანსპორტს, ასევე, მეტროს შესაძლო რესურსი, რომ ეს დატვირთულობა აღარ იყოს, რაც ნამდვილად არის ინფექციის მაღალი გამავრცელებელი. თუმცა, ამ ეტაპისთვის კომენდანტის საათის თუნდაც ერთი საათით წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს, ვინაიდან, ადამიანის ქცევიდან გამომდინარე, გადაწევის შემთხვევაშიც მივიღებთ ზუსტად იმ ეფექტს და აქედან გამომდინარე, კომენდანტის საათის კონკრეტული დრო არ არის გამოსავალი, მნიშვნელოვანია, რომ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ტრანსპორტის განტვირთვასთან დაკავშირებით", — თქვა მან.

პარლამენტის წევრმა ქართული ოცნებიდან, დავით კაჭარავამ დღეს ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა კომენდანტის საათის გადაწევა ან საერთოდ გაუქმება.