ოპოზიციის ნაწილი საერთო განცხადებას ავრცელებს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაწერილი პუნქტების შესრულებაზე კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას. მათი განცხადებით, ახლა ზოგიერთი ოპოზიცური პარტიის მხრიდან არა ურთიერთდაპირისპირების წამახალისებელი და შეთანხმების მიზნების დამაზიანებელი საუბრის, არამედ ოპოზიციური ძალისხმევის კონსოლიდაციის დროა, რათა "აიძულონ" ხელისუფლება შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

"მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების დემოკრატიული პროცედურით შეცვლის ერთადერთი გზა გადის სწორედ ამ შეთანხმების შესრულებაზე. შესაბამისად, ამ შესაძლებლობაზე ვიწროპარტიული ინტერესების გამო უარის თქმა სწორედ ხელისუფლების ინტერესებში შედის.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, შეთანხმებაზე ხელისმომწერი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მზაობას.

მოვუწოდებთ შეთანხმებაზე ჯერ კიდევ არ შემოერთებულ ოპოზიციონერ კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ყველამ ერთად მთელი ძალისხმევა მივმართოთ, რათა ხელისუფლებამ სრულფასოვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები", — ნათქვამია განცხადებაში.

საერთო განცხადებას ხელს აწერენ: არმაზ ახვლედიანი, თეონა აქუბარდია, დავით ბაქრაძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ზურაბ ჯაფარიძე.

6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ 27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში მივიდა. პარლამენტში პირველად მივიდნენ: ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი — მეტი თავისუფლება, ასევე, ინდივიდუალურად არიან სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე. პარლამენტში არ არიან და დოკუმენტს ხელს არ აწერენ ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა 19 აპრილს მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.