რუსეთი ქვეყნიდან ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და სლოვაკეთის დიპლომატებს აძევებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათი საპროტესტო ქმედება აღნიშნული ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევებას უკავშირდება.

სლოვაკეთის საელჩოდან პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს სამი თანამშრომელი, ლიეტუვის საელჩოში — ორი, ხოლო ესტონეთისა და ლატვიის საელჩოებში ერთ-ერთი. დიპლომატებმა რუსეთი ერთი კვირის ვადაში უნდა დატოვონ.

2014 წელს მომხდარი აფეთქების საქმეზე, ჩეხეთმა ქვეყნიდან რუს დიპლომატები გააძევა. ჩეხეთის პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩეხეთში საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქებასთან რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ კავშირი.

პირველ ეტაპზე ჩეხეთმა 18 რუსი დიპლომატი გააძევა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა, რომელიც, ასევე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს, თქვა, რომ რუსეთის საელჩოს ეს თანამშრომლები აშკარად იდენტიფიცირებულები არიან, როგორც კრემლის სახელით მომუშავე სამხედრო ჯაშუშები. მოგვიანებით, ჩეხეთმა კიდევ 63 დიპლომატი გააძევა.

ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად კი რუსი დიპლომატები ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და სლოვაკეთმაც გააძევეს.