ინტროვერტები ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც სევდიანი და ტრაგიკული წლისგან ცოტაოდენი სარგებლის მიღება შეძლეს. მათ ჰქონდათ საკუთარ თავთან დროის გატარების მეტი შესაძლებლობა და იმ პროფესიული თუ პირადი წნეხებისგანაც გათავისუფლდნენ, რომლებთანაც ყოველდღიურად უწევდათ გამკლავება. კალენდარი, მათთვის საბედნიეროდ, დაცარიელდა. ცხოვრება შენელდა.

ახლა კი პანდემიის დასასრულს ნელ-ნელა ვუახლოვდებით და პრეპანდემიურ მსოფლიოში ვბრუნდებით. როგორც ყველას, ინტროვერტებსაც უხარიათ, რომ ცხოვრების სიამოვნებებით ტკბობას კვლავ შეძლებენ: მაგალითად, ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს პირისპირ იხილავენ ან რესტორნებში სადილობასა და მოგზაურობას განაახლებენ. თუმცა მათ უმეტესობას სულაც არ მონატრებია ნაძალადევი დიალოგები, დიდი წვეულებები, ხმაურიანი ოფისები და სხვა ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც ექსტრავერტული სამყარო მათ წინაშე აყენებს და მოუწოდებს, უფრო მეტად მოინდომონ.

"ბევრი ამბობს, არ ვიცი, როგორ შევძლებ უკან დაბრუნებასო", — აღნიშნავს ინტროვერტი და მწერალი, ჯენ გრენიმენი. "თითქოს ერთი წლით თავდებით ვიყავით გათავისუფლებულები და ახლა გვეუბნებიან, რომ ციხეში უნდა დავბრუნდეთ", — ამატებს მისი პარტნიორი და ასევე მწერალი, ანდრე სოლო.

სოციოლოგებმა სწორად იწინასწარმეტყველეს, რომ გასული წლის სტრესს ყველაზე კარგად ინტროვერტები გაუმკლავდებოდნენ. ხანგრძლივი კარანტინისა და შეზღუდვების შემდეგ კი საინტერესოა, რამდენად შეძლებენ ინტროვერტები, დანარჩენ სამყაროს ცხოვრების სრულფასოვნად გაგრძელების მაგალითი მისცენ.

ტვიტი: 2022 წელს ჯანმრთელობის ყველაზე კრიზისული პრობლემა მენტალური იქნება, რადგან მთელი პანდემიის განმავლობაში ინტროვერტები ვამბობდით, რომ როცა ყველაფერი დასრულდებოდა, აქტიურ სოციალურ ცხოვრებას გავაგრძელებდით — ვაღიარებთ, ჩვენ მოვიტყუეთ.

როცა 2013 წელს გრენიმენმა საკუთარი ბლოგი, ინტროვერტო, ძვირფასო, შექმნა, ის ექსტრავერტებით იყო გარშემორტყმული. ახლა ის მთელ თავის დროს იმას უძღვნის, რომ მსოფლიოს ინტროვერტები უკეთ გააცნოს, ამ უკანასკნელებს კი შეახსენოს, რომ მარტო არ არიან და არაფერი აქვთ არც დასამალი და არც სასირცხვილო.

ბევრი ადამიანისთვის ინტროვერტობა სიცივესთან, სიმორცხვესთან ან სოციალური შფოთვის ქონასთან ასოცირდება, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მცდარი სტერეოტიპებია. ინტროვერტებს უყვართ ადამიანები — ოღონდ მცირე დოზებით. "როცა ჩუმად ხარ, ხალხი ხშირად მაშინვე იმას ასკვნის, რომ შენ ისინი არ მოგწონს ან ცუდი ზრახვები გამოძრავებს და უხეში ხარ", — ამბობს გრენიმენი.

სოლო კი ამატებს, რომ სინამდვილეში ინტროვერტები აქტიურები და სოციალურ სიტუაციებში ჩართულებიც შეიძლება იყვნენ, მაგრამ ეს მათთვის გამომფიტავია: "თუ იმ ღონისძიებას ვესწრები, რომელზეც მინდა, რომ ვიყო, ხმაურიანი ვარ, ვხუმრობ, ისტორიებს ვყვები. მაგრამ ის განცდა კი გამსდევს, რომ თითქოს ელემენტი მაქვს, რომელიც ძალიან მალე ჯდება".

ფოტო: Agata Zarzycka / Dribbble.com

ეს ქცევა მეცნიერულად შემდეგნაირად იხსნება: დოფამინი ე.წ. "ბედნიერების ჰორმონი" ანუ ის ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ტვინში სიამოვნების შეგრძნებას განსაზღვრავს. ექსტრავერტები დოფამინზე ნაკლებად მგრძნობიარენი არიან, ამიტომ მათ ბედნიერებისა თუ ენერგიის მისაღებად უფრო მეტი სტიმულაცია სჭირდებათ. ხოლო ინტროვერტებზე მცირეოდენი დოფამინიც ძლიერად მოქმედებს — ყველაფერი ზედმეტი კი დამღლელია.

როგორც სოლო იხსენებს, როცა ვირუსის საწინააღმდეგო რეგულაციები და აკრძალვები გამკაცრდა, თავისი ექსტრავერტი მეგობრები კინაღამ შეიშალნენ. რასაც ვერ ვიტყოდით ინტროვერტებზე — მათ, როგორც იქნა, ის განგრძობითი თავისუფალი დრო მიიღეს, რომელსაც ასე ნატრობდნენ.

რა თქმა უნდა, ეს ყველა ინტროვერტს არ შეეხო. ისეთებიც არსებობდნენ, რომლებისთვისაც ოჯახის წევრებთან ან ოთახის მეზობლებთან მუდმივი ყოფნა კიდევ უფრო სტრესული აღმოჩნდა. თუმცა გრენიმენის ბლოგის მკითხველების უმეტესობამ განაცხადა, რომ სახლში დროის გატარება ძალიან მოსწონდათ — ისინი ყოველგვარი მოსაწვევებისა და შეხვედრებისგან გათავისუფლდნენ.

ინტროვერტებს ახლო მეგობრების მონახულება ნამდვილად დააკლდათ, მაგრამ, ამავდროულად, იმითაც დატკბნენ, რომ საათები ან სულაც დღეები სხვა ადამიანთან ლაპარაკის გარეშე შეეძლოთ გაეტარებინათ. მაგალითად, სოლომ სატელეფონო ზარების მივიწყებული ხელოვნება თავიდან აღმოაჩინა. ის, როგორც წესი, სეირნობისას მუსიკას ან პოდკასტს უსმენს, მაგრამ ახლა უკვე ხანდახან მეგობრებსაც ურეკავს და მათ ნახევარი, ხანდახან ერთი საათიც კი ესაუბრება: "როცა კალენდრიდან სამშაბათს ეს გვაქვს, ხუთშაბათს — ეს და აქ წასვლა არ მინდა, მაგრამ სავალდებულოა ქრება, სხვასთან საუბრისას უფრო ღრმა და ძლიერი კავშირი იბმევა — მაშინაც კი, თუ თანამოსაუბრეს პირისპირ ვერ ნახულობ".

რაც შეეხება ზუმის ზარებს, გრენიმენი ამბობს, რომ "ეს პერფორმანსს ჰგავს. საკუთარ თავს მუდმივად ხედავ და აკვირდები, ამიტომ შენს ყველა ქცევას აკონტროლებ. ასეთი ზარებისას მეგონა, რომ გულწრფელი არ ვიყავი, რამაც დიდი ემოციური ენერგია დამახარჯინა".

ფოტო: Phoebe Kranefuss

ბევრი ინროვერტისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაცია ემოციურ შრომას მოითხოვს. მაგალითად, ოფისში წარმართული პატარა, ნაძალადევი საუბრები დამღლელია, რადგან მშვენივრად იცი, რომ სინამდვილეში თავს როგორ გრძნობ, დიდად არავის აინტერესებს. ამ დროს კი უფროსები და მომხმარებლები სამუშაო სივრცეში შენგან მომღიმარ სახეს ელიან.

ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება პატარა ამბავი არ იქნება — არ უნდა დავივიწყოთ გასული წლის ყველა ის გადადებული ქორწილი, დაბადების დღე და წვეულება, რომელიც მაშინვე გაიმართება, როგორც კი პრეპანდემიური მსოფლიო ამის საშუალებას მოგვცემს. ასეთ ღონისძიებებს ინტროვერტთა უმეტესობა იმიტომ ესწრება, რომ თავიანთი მეგობრების მიმართ მზრუნველობა და ყურადღება გამოხატონ. ამგვარად, ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნებისას მათთვის ძალების მოკრებისა და მარტო ყოფნის საათების პოვნა უფრო გართულდება.

გასულ ათწლეულში, ჯერ კიდევ პანდემიამდე, სულ უფრო ხშირად საუბრობდნენ "მარტოობის ეპიდემიაზე". მაგალითად, 2018 წლის კვლევაში ამერიკელების 22%-მა განაცხადა, რომ თავს მარტოსულად ხშირად ან ყოველთვის გრძნობდა. მაგრამ ინტროვერტებს გასულმა წელმა მნიშვნელოვანი რამ გააცნობიერებინა: ისინი მარტოობით ტკბებოდნენ. ამ განცდას კი იმის გაანალიზებაც დაემატა, რომ ხალხმრავალ სამყაროში მიბრუნება აუცილებელი სულაც არ იყო.

ტვიტი: გულწრფელად, პანდემია სასარგებლო აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ მაიძულა, ჩემი ინტროვერტობის "გამოსწორების" მცდელობები შემეწყვიტა.

შევწყვიტე უარის თქმის შედეგებზე შფოთვა და სახლში ყოფნით თავი კომფორტულად ვიგრძენი. ახლა არ ვფიქრობ, რომ ოდესმე უკან მივბრუნდები.

როგორც სოლო ამბობს, თავისმა ექსტრავერტმა მეგობრებმა პრეპანდემიური ცხოვრების გადაფასება დაიწყეს: "საინტერესო იყო ჩემს უამრავ მეგობარზე დაკვირვება, რომლებიც ამბობდნენ, ასე მოულოდნელად ცხოვრებაში დამატებითი სივრცე გამომითავისუფლდა, რაც საშუალებას მაძლევს, იმაზე დავფიქრდე, თუ რა მინდა სინამდვილეშიო. ამის გამო, მათ პირდაპირი მნიშვნელობით შეცვალეს ის, რასაც იმ მომენტში აკეთებდნენ. ზოგიერთმა კი თავისი მომავლის გეგმებიც გადააფასა, რადგან ამაზე დასაფიქრებლად დრო მიეცა".

პანდემია ისაა, რასაც ფსიქოლოგი სუზან კრაუს ვითბურნი "გაზომვის პერიოდს" უწოდებს — ეს იშვიათი ისტორიული მოვლენაა, რომელიც იმდენად ღრმა და დამაფიქრებელია, რომ ადამიანების ხედვებსა და ხასიათის თვისებებზე მოქმედებს. "ამგვარად, ხალხის ფსიქოლოგია რამდენიმე წელი განსხვავებული იქნება, როგორც ეს პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ მოხდა", — ასკვნის ის.

ფოტო: Hannah Buckman / The Washington Post

ვითბურნი იმასაც აღნიშნავს, რომ ინტროვერტთა დიდ ნაწილს იმ ცხოვრებისეულ ირონიასთან მოუწევს გამკლავება, რომლის წყალობითაც, 2020 მათთვის უბედნიერესი წელი იყო მაშინ, როცა უამრავი ადამიანი ავადმყოფობდა და კვდებოდა. ვითბურნის თქმით, ეს გადარჩენილთათვის დამახასიათებელი დანაშაულის შეგრძნების კლასიკური გამოვლინებაა. ის ასევე ურთავს, რომ ასეთ დროს თავის ცუდად გრძნობა იმ შედეგს ვერ შეცვლის, რომელსაც ვერ აკონტროლებ.

პანდემიამდე ბუნებრივი მოვლენა იყო, რომ ექსტრავერტები და ინტროვერტები თავიანთ მსგავს ადამიანებს იკრებდნენ გარშემო. ეს კი მათ ქცევას კიდევ უფრო ამყარებდა.

"ჩვენ ყველას გვიწევს ჩვენივე ხასიათის იმ თვისებების გადააზრება, რომლებსაც აქამდე სათანადოდ არ ვაფასებდით", — ამბობს ვითბურნი. კარანტინის ერთი სარგებელი ისაა, რომ ამ პერიოდში ორივე მხარეს მიეცა საშუალება, საკუთარ თავში ცოტათი უკეთ გათვითცნობიერებულიყო: "და თუ შენს თავში აღმოაჩენ იმ ნაწილს, რომელსაც უყვარს ფიქრი, გააზრება, დროის მარტო გატარება, ამ პერიოდიდან გამოსვლისას უკეთესად გეცოდინება საკუთარი თავი. ამის გარდა, შესაძლოა, შენი მენტალური ჯანმრთელობაც უფრო გაჯანსაღდეს".

ტვიტი: როცა პანდემია დასრულდა და ახლა ყველა ინტროვერტს ოფისში დაბრუნება უწევს:

ბევრი დასაქმებული უკვე ყოყმანობს იმაზე, თუ რამდენად ღირს ოფისში დაბრუნება. ინტროვერტები ასე ფიქრობენ, რადგან მარტო მუშაობა ურჩევნიათ, ხოლო ექსტრავერტები იმიტომ, რომ ასე, უბრალოდ, ცხოვრებას გაიმარტივებენ. მართლაც, ყოველდღე შესაფერისად ჩაცმა, გზაში დროის ხარჯვა და ოფისში მაგიდასთან ჯდომა ნამდვილად ასეთი აუცილებელია? ყველა თეორია, რომ დისტანციური მუშაობა არაპროდუქტიულია, რადგან დასაქმებულებს ნაკლებად ხელმისაწვდომებად და კოლეგიალურებად აქცევს, ამ წელს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

რა თქმა უნდა, ეს დისკუსია იმ პრივილეგირებულ ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ. ბევრი დასაქმებული პანდემიის დროსაც იძულებულია, რომ ადგილზე გამოცხადდეს. სახლიდან მუშაობა ნებისმიერი ადამიანისთვის ჯერ კიდევ ფუფუნებაა.

ახლა ინტროვერტებს ის ექსტრავერტი კოლეგებიც ჰყავთ, რომლებიც მთლიან ან ნახევარ განაკვეთზე სახლიდან მუშაობას უჭერენ მხარს. ის, თუ როგორ გადაწყდება დისტანციურად მუშაობის საკითხი, უფროსზეა დამოკიდებული. ზოგიერთ ექსტრავერტ უფროსს ტრადიციული ოფისის ხმაური და სიცოცხლე ურჩევნია, ხოლო ინტროვერტები უფრო მეტად ჰიბრიდულ მეთოდს უჭერენ მხარს.

ფოტო: Ari / Dribbble.com

სამენეჯერო პოზიციაზე მყოფი ჯონ ჰეკსტონი არა მხოლოდ ინტროვერტად იდენტიფიცირდება, არამედ ადამიანის ხასიათის ტიპების შესწავლაზეც მუშაობს, რათა დამსაქმებლებსა და დასაქმებულთათვის უკეთესი გარემო შექმნას. როგორც თვითონ ამბობს, პრეპანდემიური მსოფლიო ინტროვერტებისგან ექსტრავერტულ სამყაროზე მორგებას მოელოდა, რაც შეხვედრებზე ხმის ამოღებას, სამუშაო ადგილთან ადაპტაციას თუ ჯგუფური მუშაობის უნარის ქონის აუცილებლობას ნიშნავდა. ჰეკსტონი ამბობს, რომ "ყველა კულტურა, განსაკუთრებით კი დასავლური, ხელს უწყობს იმას, რასაც სტერეოტიპულად ექსტრავერტულ ქცევას ვუწოდებთ. სწორია ეს თუ არასწორი, ინტროვერტებმა იპოვეს გზები, რომ ამგვარ მდგომარეობას მიჩვეოდნენ. პანდემიის დაწყებისას კი ისინი მსგავსი ფსიქოლოგიური წნეხებისგან გათავისუფლდნენ".

ზოგიერთმა კომპანიამ უკვე ჩამოაყალიბა სახლიდან მუშაობის ლიბერალური პოლიტიკა, დანარჩენები კი ტრადიციულ პრეპანდემიურ მოდელს უბრუნდებიან. იანვარში Gallup-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელი დასაქმებულებიდან 44%-ს შეზღუდვების შემდეგ მუშაობის გაგრძელება კვლავ სახლიდან ერჩია, ხოლო 39% ოფისში დაბრუნებას უჭერდა მხარს.

როგორც ჰეკსტონი ამბობს, დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა სამსახურეობრივი მოლაპარაკებისას უკვე მთავარი კოზირია. ამას ემატება იმ იდეის გაპოპულარულება, რომ სარგებლიანობისა და ეფექტიანობისთვის სულაც არ არის აუცილებელი იმავე მეთოდებით შეასრულო სამუშაო, როგორც ამას სხვა აკეთებს.

"თვითგაცნობიერებულობა მართლაც მთავარი გასაღებია არა მხოლოდ ინტროვერტებისთვის, არამედ მენეჯერებისთვისაც", — ურთავს ჰეკსტონი, — "ასე ხალხს თვალებიდან ნისლს ვაშორებთ და ვაჩვენებთ, რომ სამყაროში მათგან განსხვავებული ადამიანები არსებობენ, რომლებთანაც კომუნიკაციისთვის უკეთესი გზებიც შეიძლება მოიძებნოს. ამგვარად, სხვა თუ არაფერი, პანდემიამ ის მაინც მოახერხა, რომ ექსტრავერტებს ინტროვერტული ცხოვრების გემო გაასინჯა, რაც ალბათ სულაც არ არის ცუდი".

ტვიტი: მე: ინტროვერტი ვარ და პანდემიისას ადამიანური კავშირები არ მჭირდება.

ასევე მე: ვინ არის ჩემი საყვარელი პატარა ბედნიერი ბეიგელი? ვინ და, შენ ხარ ჩემი საყვარელი პატარა ბედნიერი ბეიგელი. ჰო, შენ.

ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობია, იძულებულები იქნებიან თუ არა ინტროვერტები, რომ სოციალური და პროფესიული ვალდებულებების გამო კვლავ განაახლონ სამყაროსთან აქტიური ინტერაქცია.

ჯენ გრენიმენი ამბობს: "ვფიქრობ, ახლა ყველა იმის გარკვევას ვცდილობთ, როგორი სახე ექნება ყველაფერს. ჩემი ბლოგის აუდიტორიის დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ შვებულებაში ყოფნისას ნაკლებად ხალხმრავალ და მშვიდ დასვენებებს ამჯობინებდნენ. დიდ წვეულებასა ან ოჯახურ შეკრებებზე სიარულის ნაცვლად, მათ თავიანთი პირადი, ღირებული ტრადიციების შექმნა შეძლეს".

სოლო აღნიშნავს, რომ იმ ყველაფრის თავიდან მოშორებას აპირებს, რაც ხმაურიანი, გადატვირთული და ხალხმრავალია. გრენიმენიც იმავე აზრზეა: "ჩემი ცხოვრებიდან იმ რაღაცების ამოღება მსურს, რაც აქამდე მფიტავდა და მაფრთხობდა". მისი საუკეთესო მეგობარი მას პირიქით, ენერგიით ავსებს, თუმცა "არსებობს ამისგან განსხვავებული ურთიერთობები, რომლებსაც მხოლოდ ვალდებულების გრძნობით ვინარჩუნებთ ან, შეიძლება, ეს უბრალოდ შემთხვევითობაზე დაფუძნებული კავშირია. რაც უნდა იყოს, ამგვარი ურთიერთობები ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება".

ან როგორც ტვიტერის ერთ-ერთმა მომხარებელმა თქვა, "ახლა, როცა სრულად ვაქცინირებული ვარ, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ მაინც ვერ შევძლებ სტუმრობას, რადგან მოსვლა არ მინდა".