კორონავირუსის ვაქცინით მოქალაქეების უზრუნველყოფის შესახებ კრიტიკას ჯანდაცვის მინისტრი "უარგუმენტოს" უწოდებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"როგორც წლის დასაწყისში, ამ ეტაპზეც გრძელდება უარგუმენტო კრიტიკა ვაქცინაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. სამინისტროს გუნდის მიერ გაწეულია უდიდესი ძალისხმევა და მინდა აღვნიშნო, რომ არ შეიძლება ადამიანების დაუღალავ შრომასთან ასე მოპყრობა. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ყველა ადამიანის ჩართულობა და შრომა და სათანადოდ დავაფასოთ ეს, საბოლოოდ გავხდეთ სოლიდარულები და დავძლიოთ ის არსებული სიძულვილის ენა, რომელიც საზოგადოებაში დღემდე ისმის", — განაცხადა მან.

მინისტრის ინფორმაციით, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე 40 000-ზე მეტი მოქალაქე აიცრა და მიმდინარეობს მუშაობა ვაქცინის მორიგი დოზების შემოსატანად. ტიკარაძე აღნიშნავს, რომ აქვთ გარანტიები სხვადასხვა მომწოდებლისგან ვაქცინით უწყვეტ უზრუნველყოფაზე, მათ შორის, ელოდებიან ასტრაზენეკას, სინოვაკის, სინოფარმის დამატებით დოზებს, ასევე, ფაიზართან მიმდინარეობს მოლაპარაკებები მილიონ დოზასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ვაქცინაზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის, სახელმწიფო ეტაპობრივად ზრდის ვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას, რომელიც ამ ეტაპზე 130-ია.

ამასთან, ტიკარაძემ ისაუბრა ახალ ინიციატივაზე, ვაქცინაციის ოფიცრებზე, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან და მოსახლეობას პროცესის, შედეგების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, ასევე, დაეხმარებიან ელექტრონულად რეგისტრაციაში.

მინისტრმა თქვა ისიც, რომ ვაქცინაციის პროცესში სახელმწიფო ითვალისწინებს მოქალაქეების ნებას და აძლევს არჩევანის საშუალებას, რაც გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან შესყიდვის დაგეგმვის პროცესში.