წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ENKA სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, დარინა სალდაძე On.ge-სთან განმარტავს, რომ კომპანია 2020 წლის 28 თებერვლის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და 2015 წლის ეკოლოგიური ექსპერტიზით განსაზღვრული პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდა. სამინისტროს მიერ კომპანიის მიმართ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება საია-მ ერთი წლის წინ გაასაჩივრა, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა.

სალდაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული იყო ის პირობები, რომელიც კომპანიას მშენებლობის დაწყებამდე უნდა შეესრულებინა, წარედგინა სამინისტროში და შეეთანხმებინა შესაბამისი დეპარტამენტი. მისივე თქმით, დღემდე ამ პირობების შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტები ENKA-ს მიერ არ არის წარმოდგენილი, რაც სამინისტროს გარემოსცდაცვითი ზედამხედველობის წარმომადგენელმაც დაადასტურა.

"არამხოლოდ ამ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების განსაზღვრულ პირობებზეა საუბარია. 2015 წელს ნამახვანჰესის პროექტზე გაცემულია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, იმ დროინდელი კანონმდებლობით. ამასთან, ედავებოდა ეკოლოგიური ექსპერტიზით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობასაც.

მაგალითად, მშენებლობის პროცესში წარმოიქმნება ნარჩენები და მნიშვნელოვანია, რომ იყოს სანაყაროების გეგმა წარდგენილი, ეს ნარჩენები სად მოხვდება. პირდაპირ რიონში ხომ ვერ მოხვდებოდა, ტერიტორია უნდა განსაზღვრულიყო. ერთ-ერთი ესეც გახლდათ, რომ არ იყო წარდგენილი სანაყაროების გეგმა. ასეთი მთელი რიგი პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით არის ეს სამართალდარღვევა", — განმარტავს დარინა სალდაძე.

კომპანია ENKA-ში On.ge-სთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში აღნიშნავენ, რომ არ ეთანხმებიან საჩივრის შინაარსს და არ აპირებენ გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში.

"კომპანია ენკა რინიუებლზ ყველა თავის მოქმედებას ახორციელებს არსებული ნებართვების ფარგლებში, რაც დასტურდება შესაბამის უწყებებთან წარდგენილი საჭირო დოკუმენტაციით. კომპანიის ნებისმიერი აქტივობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ხორციელდება, როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ასევე შიდა მონიტორინგის სამსახურების მიერ, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით. სასამართლოში განხილული საკითხი უკავშირდება ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების ვადების განსხვავებულ ინტერპრეტაციას, 2020 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით. დღეისათვის, ყველა კითხვაზე გაცემულია პასუხი და შესაბამისად, ვთვლით, რომ საკითხი ამოწურულია", — აღნიშნავენ კომპანიაში.