გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ "ტრაგედია" არც ქართული ოცნების ამნისტიის პროექტის მხარდაჭერაა. რაც შეეხება ოპოზიციის პროექტს, მისი თქმით, განსხვავებასაც ვერ ხედავს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მე გუშინ რასაც მოვუსმინე და ვესწრებოდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ტრაგედია არც ქართული ოცნების პროექტის მხარდაჭერაა, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციის პროექტს მართლა კარგად ვერ გავიგე, გუშინ დიდი ხანი ვცადე მომესმინა ბატონი შავგულიძისთვის, მაგრამ ვერ გავიგე. კიდევ დაკვირვებით წავიკითხავ, იმიტომ, რომ განსხვავებასაც კი ვერ ვხედავ. ფიზიკურად მგონია, კონფლიქტი რომ არსებობდეს და ვიღაცა იყოს გამარჯვებული, მხოლოდ ამისთვის არსებობს ეს დისპუტი და სინამდვილეში არაფერს არ აფუჭებს არც ერთი და არც მეორე ვერსია, ეგეთი წარმოდგენა დამრჩა", — თქვა მან.

ხვიჩიას განცხადებითვე, მას დაზარალებულის თანხმობაზე პუნქტი არ მოსწონს და არ ჰგონია, ეს განხილვის დროს ოპოზიციასაც მოეწონოს. მისი თქმით, ამნისტია არ უნდა შეეხოს ისეთ საქმეებს, როცა ადამიანს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიადგა, თუმცა შემთხვევები, როცა ადამიანებმა "ერთმანეთი გალახეს" უნდა "მიუტევონ".

"ჩემი აზრით, ეგ არ არის სწორი. იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ, ნიკა მელიას ქმედებითაც ფორმალურად ვიღაცა არის დაზარალებული, ვთქვათ, პოლიციელი. ჩვენ ნიკა მელიას ამნისტია შევახოთ და მოვთხოვოთ დაზარალებული პოლიციელების თანხმობა, ამ შემთხვევაში, არა მგონია. კიდევ დამატებითი კონფლიქტის გაღვივების წყაროს გავაჩენთ.

ჩემი აზრით, იმ დანაშაულებზე, სადაც დაზარალებულის აზრი მართლა მნიშვნელოვანია, სულ რამდენიმე შემთხვევაა ასეთი, ვგულისხმობ, მაკო გომურის და ეგეთ შემთხვევებს, სადაც ადამიანებს მძიმე ფიზიკური დაზიანება მიადგათ, მაგ შემთხვევებს საერთოდ არ უნდა შევახოთ ამნისტია, ჩემი აზრით, მაგრამ არც დაზარალებულს უნდა მოვთხოვოთ რამის გაკეთება ამ საქმის. თუ უნდა, ისე აპატიოს, ეს ჩვენი საქმე არ არის.

მაგრამ ჩემი აზრით, ის ხალხი ახლა არ უნდა ვაიძულოთ და რაღაც ზეწოლის ქვეშ ვამყოფოთ. მათ საერთოდ არ უნდა შევახოთ, მაგრამ სხვა ადამიანებს, ვისაც დუბინკა მოხვდათ, იქით დაარტყეს თავში, ერთმანეთი, რომ გალახეს ადამიანებმა, ეგ ნაწილი, ჩემი აზრით, უნდა მივუტევოთ. პოლიტიკური გადაწყვეტილება ამაზე უნდა იყოს", — თქვა მან.

28 აპრილს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ამნისტიის კანონპროექტის ორი ვერსია დარეგისტრირდებოდა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათ ვერსიაში საუბარია დაზარალებულის ნების გათვალისწინებაზე, ქართული ოცნებისაში კი — არა.