"5G ინტერნეტი კორონავირუსის გასავრცელებლად შექმნეს", "კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უნაყოფობას იწვევს", "ვირუსი კაცობრიობის გასანადგურებლად ხელოვნურადაა შექმნილი" — ეს იმ კონსპირაციული თეორიების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც წელიწადზე მეტია, საზოგადოება მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ ყალბი ამბები კორონავირუსის გავრცელებამდეც საზოგადოებაში არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იყო, პანდემიამ ახალ-ახალი თეორიები შვა და მათი გამავრცელებელთა რაოდენობაც გაზარდა.

ყალბ ამბებსა და მათთან ბრძოლის გზებზე ჟურნალისტმა, პლატფორმა მედიაჩეკერის ექსპერტმა მაგდა გუგულაშვილმა და ცნობილმა ტელეწამყვანმა, ბლოგერმა და აქტივისტმა ზურა ბალანჩივაძემ ისაუბრეს. იქიდან გამომდინარე, რომ 3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება, სტუმრებმა დეზინფორმაციის უარყოფითი გავლენის გარდა, ყალბ ამბებთან ბრძოლაში მედიის როლიც განიხილეს.

სანამ კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდებოდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას ინფოდემია უწოდა, იმდენად დიდი დოზით ვრცელდებოდა დეზინფორმაცია და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვირუსთან დაკავშირებით

ამბობს მაგდა გუგულაშვილი.

მაგდა გუგულაშვილი

ფოტო: EU NEIGHBOURS east

მაგდა პანდემიის პერიოდში გავრცელებულ დეზინფორმაციას რამდენიმე ნაწილად ყოფს. მისი თქმით, თავდაპირველად ყალბი ამბები ვირუსის წარმოშობის წყაროს შესახებ გავრცელდა, რასაც არასწორი პრევენციის გზები და ე.წ. "ხალხური" მეთოდებით მკურნალობის ხერხები, შემდეგ კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ყალბი ამბების ტალღა მოჰყვა.

მაგდა ყალბი ამბების ამოცნობად რამდენიმე მნიშვნელოვან მინიშნებას გვიზიარებს:

  • ყალბი ამბები ხშირად სენსაციური სათაურებით გამოირჩევა;
  • ხშირად შეხვდებით ფრაზას "გადადი ლინკზე" — ეს მკითხველის ყურადღების მიქცევის ხერხია;
  • ყალბი ამბავი შენში ეჭვის შეგრძნებას ბადებს;
  • ყალბ ამბებში უმეტესად არაა დასახელებული, თუ რომელ წყაროებსა და კვლევებს ეყრდნობა ინფორმაცია;
  • ყალბი ამბები ხშირად არარელევანტურ წყაროებს ეყრდნობა.

რადგან კორონავირუსზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე სანდო წყაროები ჩვენთვის არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ადგილობრივი ცენტრები

მაგდა გუგულაშვილი

მაგდა მიიჩნევს, რომ საზოგადოება ინფორმაციისა და ახალი ამბებისადმი სკეპტიკურად უნდა იყოს განწყობილი.

ვურჩევდი ყველას, რომ იყვნენ სკეპტიკურად განწყობილი ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ავრცელებს ამას: მისი მეზობელი ეუბნება, სოციალურ ქსელში კითხულობს თუ მედიასაშუალებაში ისმენს ამ ინფორმაციას

მაგდა გუგულაშვილი

ყალბი ამბების ამოსაცნობად რჩევებს ზურა ბალანჩივაძეც გვიზიარებს:

  • ყალბი ამბების შემთხვევაში, ფეისბუქზე გაზიარებული ბმული, მასზე გადასვლის შემდეგ, სახელს ხშირად იცვლის;
  • აუცილებელია, მკითხველმა ყურადღება მიაქციოს იგივე წყაროს სხვა კონტენტსაც. არასანდო მედიებში ხშირად გადააწყდებით არარელევანტურ რეკლამებსა და ამბებს.

ზურა ბალანჩივაძე

ფოტო: EU NEIGHBOURS east

გადამოწმებასთან ერთად, ზურა ბალანჩივაძის თქმით, მედია ვალდებულია, ამბავს წყაროც მიუთითოს.

საკუთარ თავზე პასუხისმგებელ მედიას აუცილებლად აქვს მოყვანილი და გალინკული უცხოენოვანი წყარო. უცხოენოვან წყაროს კი აუცილებლად აქვს მოყვანილი ის კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც დაიწერა ეს სტატია

ამბობს ზურა ბალანჩივაძე.

აღსანიშნავია, რომ ზურა ბალანჩივაძემ კორონავირუსი თავადაც დაამარცხა და მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ მკითხველებს ინფორმაციას ფეისბუქზე დღიურების სახით უზიარებდა. თავად კორონავირუსის შესახებ არსებულ მითებს კომპეტენტური წყაროების დასკვნებითა და ინფორმაციით ებრძვის.

პირადად მე ჯერ არ ავრცილვარ და ველოდები, როდის მოვა ჩემი ჯერი. ამ შემთხვევაში უბრალოდ ვეყრდნობი იმ დასკვნებს, რომლებიც ვრცელდება...დღემდე დავდივარ კვლევებზე და ვიკვლევ რამე ცვლილება თუ დამიტოვა ვირუსმა... ამ ინფორმაციას საჯაროდაც ვწერ

ზურა ბალანჩივაძე

მაგდა და ზურა აღნიშნავენ, რომ საზოგადოების ვალდებულება ინფორმაციისადმი სკეპტიკური განწყობის შენარჩუნება და წყაროების შემოწმებაა, მედიის კი — საზოგადოებისთვის სანდო და რელევანტურ წყაროებზე დაყრდნობით სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მაშინაა საჭირო, როდესაც საკითხი ადამიანების სიცოცხლესა თუ ჯანმრთელობას ეხება.

მოსაუბრეების თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილე საზოგადოებას სოციალურ ქსელებში მართებს, რადგან დეზინფორმაცია ყველაზე ხშირად სწორედ აქ ვრცელდება.

თუ ყალბი ამბების ამოცნობა, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში საზოგადოებისა და მედიის ვალდებულების საკითხი გაინტერესებთ, მოუსმინეთ პოდკასტს:

იმისთვის, რომ უკეთ გაერკვეთ თანამედროვე მედიასივრცეში და მეტი ინფორმაცია გქონდეთ დეზინფორმაციის საკითხებზე, ეწვიეთ ევროკავშირის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინიციატივისთვის შექმნილ ვებგვერდს.

სტატია მომზადდა პროექტის EU NEIGHBOURS east თანამშრომლობის ფარგლებში.