კანადელი მომღერალი, ჯასტინ ბიბერი, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა და მალევე გამოიწვია კრიტიკული გამოხმაურება.

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოებში ბიბერი ეგრეთ წოდებული დრედების ვარცხნილობითაა წარმოდგენილი, რომელიც შავკანიანთა კულტურასთან ასოცირდება და საზოგადოების ნაწილის მიერ თეთრკანიანებისთვის შეუფერებლად მიიჩნევა.

კრიტიკის პასუხად მომღერალმა განაცხადა, რომ "ეს, უბრალოდ, მისი თმაა".

"დრედებით" და წვრილი ნაწნავებით ბიბერი 2016 წელსაც გამოჩნდა და მაშინაც დაიმსახურა ინტერნეტმომხმარებლების მწვავე კრიტიკა. რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ შავკანიანებისთვის დამახასიათებელი თმის ვარცხნილობა თანამედროვე პოპკულტურაში პოლიტიკურ დატვირთვას იძენს და რასისტული საზოგადოებების იარაღად იქცევა.

"გამაღიზიანებელია, რომ თეთრკანიანები ჩვენ მიერ შექმნილი კულტურით არიან გატაცებულნი, იქნება ეს 'დრედები' თუ სხვა, და, ამავდროულად, სრულიად ინდიფერენტულები არიან ჩვენი გასაჭირის და იმის მიმართ, თუ რად გვიჯდება ასეთი მომხიბვლელი კულტურის შექმნა მუდმივი სიძულვილისა და შეტევების პირობებში", — წერს კრიტიკოსი და ბლოგერი ჯოზი პიქენსი საკუთარ ესეში, — "და, დიახ, თეთრკანიანები რომ 'დრედებს' ატარებენ, ეს ნამდვილადაა კულტურის მითვისება".

ბევრი მიიჩნევს, რომ ბიბერის "დრედები" განსაკუთრებით გამაღიზიანებელია იმ ფონზე, როცა მისი ახალი ალბომი, Justice, გამოვიდა. ალბომში შემავალ სიმღერებში მარტინ ლუთერ კინგის სიტყვით გამოსვლებიდან ამოღებული ფრაგმენტებიცაა გამოყენებული, რაც ბიბერის თქმით, სამოქალაქო უფლებების მოძრაობისადმი მისი მხარდაჭერის და შავკანიანთა ისტორიის დაფასების გამოხატულებაა.

მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილმა ეს საქციელი "ზერელედ" და "ყურადღების მისაპყრობ საშუალებად" შეაფასა.

ტრადიციული აფრიკული ვარცხნილობის — ბანტუს — კარნავალისთვის გაკეთების გამო, გასულ წელს კულტურის მითვისებაში დაადანაშაულეს ბრიტანელი მომღერალი ადელიც.