საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე. ცვლილებები გულისხმობს სანქციების გამკაცრებას ორ მუხლზე — წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე (173-ე მუხლი).

საია-ში აცხადებენ, ამ მუხლების ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია. მათი თქმით, კოდექსის რეფორმაზე წლებია მიდის საუბარი და ამის ნაცვლად სანქციების გამკაცრება ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის შესაძლებლობებს.

ორგანიზაციაში, ასევე, აცხადებენ, რომ ხარვეზიანია კანონპროექტის განხილვის პროცედურაც. პარლამენტი მას დაჩქარებული წესით განიხილავს, საია-სთვის კი ამის მიზეზი გაუგებარია.

"დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვა ართულებს ან შეუძლებელს ხდის საზოგადოების ჩართულობას", — ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

საია-მ განცხადებით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, არ დაუჭირონ მხარი წარმოდგენილ კანონპროექტს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ამ მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ამჟამად მოქმედი სახდელის ზომა ვერ უზრუნველყოფს ამ სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენციას.

საია ეხმაურება მეორე კანონპროექტსაც, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლში. კანონპროექტის მიხედვით, ამ კოდექსით დაკავებული ადამიანი არაუგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს სასამართლოს. კანონპროექტის ავტორები, ამას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხსნიან, თუმცა საია-ში აქცენტს აკეთებენ ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე.

"კანონპროექტი უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს, რომლის მიხედვითაც 24 საათიანი დაკავების ვადა სრულიად საკმარისია პირის სასამართლოში წარსადგენად მიუხედავად იმისა, თუ რა დროს მოხდა მისი დაკავება", — აცხადებენ საია-ში.

გარდა ამისა, საია აუცილებლად მიიჩნევს კანონპროექტში გაიწეროს, რომ დაკავების საფუძველის ამოწურვისთანავე, დაუყოვნებლივ გათავისუფლეს დაკავებული.

"კანონპროექტში აღნიშნული ჩანაწერის არსებობა დააზღვევს კანონის ბოროტად გამოყენების ისეთ შემთხვევებს, როდესაც პირის იზოლატორში დაკავება მოხდება მას შემდეგ რაც ამოიწურება დაკავების საფუძველი იმ მოტივით, რომ ჯერ კიდევ არა არის ამოწურული დაკავების ვადა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორივე კანონპროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით 28 აპრილს განიხილავს.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის (173-ე მუხლი) სანქციები იზრდება.

ამასთან ცვლილება ეხება 12-საათიან პატიმრობასაც. კერძოდ, მოქმედ კანონში წერია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს, ხოლო თუ ეს დაკავება არასამუშაო დროს ემთხვევა, ადამიანი შეიძლება დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსონ საქმის განხილვამდე, თუმცა დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 48-საათიანი ნორმა არაკონსტიტუციურია, რადგან განსხვავებულ მოპყრობას აწესებს. თუმცა ქართული ოცნება ცვლის არა ამ კონკრეტულ ჩანაწერს, არამედ ზრდის პირველ, 12-საათიან ვადას და მიზნად თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას ასახელებს.