Game of Thrones-ის (სამეფო კარის თამაშების) ფანებისთვის განსაკუთრებული სიახლე გვაქვს: როგორც იქნა, ამ საკულტო შოუს პრიქველის — House of the Dragon-ის (დრაკონების სახლი) გადაღებაზე მუშაობა დაიწყო.

მეტიც, HBO-მ ისიც დააანონსა, რომ ახალი სერიალის ხილვას 2022 წელს შევძლებთ!

ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტვიტერზე მომავალი სატელევიზიო შოუს ახალი ოფიციალური ანგარიშის შექმნითა და პირველი კადრს მიღმა სცენების ჩვენებით გაგვიზიარეს: როგორ ეცნობა სამსახიობო გუნდი სცენარს ფიზიკური დისტანციის დაცვით.

მათ შორისაა ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შოუს The Crown ვარსკვლავი მეთ სმიტი.

ბევრმა თქვენგანმა, ალბათ, უკვე კარგად იცის, რომ მეთ სმიტთან ერთად ცნობილია სამსახიობო გუნდის ძირითადი შემადგენლობის სხვა წევრებიც: ოლივია ქუქი, ემა დარსი, პედი კონსიდაინი და სხვები.

რაც შეეხება დრაკონების სახლის სიუჟეტს, ის ტარგარიენების სამოქალაქო ომის, იგივე "დრაკონების ცეკვის" შესახებ იქნება, რომელიც სამეფო კარის თამაშებში ასახულ ისტორიამდე 200 წლით ადრე მოხდა. ამ დამაინტრიგებელ სატელევიზიო შოუს კვლავ ჯ.რ.რ. მარტინის წიგნების სერიის Fire And Blood (ცეცხლი და სისხლი) მიხედვით იღებენ და თავად ეს ცნობილი ამერიკული ავტორიც მონაწილეობს მის შექმნაში.

აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი სამომავლო პროექტი არ არის, რომელიც ფენტეზის ამ ცნობილ სამყაროს უკეთ და სულ სხვა კუთხით გაგვაცნობს: ოფიციალურად დადასტურდა, რომ კიდევ სხვა სამ სპინოფ სერიალს გადაიღებენ, ამავდროულად კი ჯორჯ მარტინმა HBO-სთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.