არქეოლოგების თქმით, Wonderwerk-ის გამოქვაბულში ჰომინიდების უძველესი საცხოვრებელი აღმოაჩინეს. გამოქვაბული კალაჰარის უდაბნოში, სამხრეთ აფრიკაში მდებარეობს. Wonderwerk-ის გამოქვაბული 140 მეტრის სიღრმისაა და ის პირველად 1940 წელს აღმოაჩინეს. მას შემდეგ გამოქვაბულში კვლევები მიმდინარეობს, ახალი კვლევა კი, მეტყველებს იმაზე, რომ აქ უძველესი დროიდან ცოცხალი არსებები ბინადრობდნენ.

მეტიც, გამოქვაბულში ცეცხლის გამოყენების ადრეული მტკიცებულებები და უძველესი იარაღის კვალიც შეინიშნება. საუბარია 2 მილიონი წლის წინდელ მკვიდრებზე. კვლევის შედეგები ჟურნალ Quaternary Science Reviews-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრების თქმით, ასეთი უძველესი ნარჩენები გამოქვაბულებში აქამდე არ შეგვხვედრია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამოქვაბულის მკვიდრნი ბოლომდე "ადამიანები" არ იყვნენ. სავარაუდოდ თავიდან აქ ჩვენი უძველესი წინაპრები, ავსტრალიოპითეკები და ჰომო ჰაბილისები სახლობდნენ.

კვლევამ აჩვენა, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ გამოქვაბულის მკვიდრნი, ისინი მას თავშესაფრად იყენებდნენ, აქ სახლობდნენ, ჭამდნენ და ეძინათ.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რატომ ეს კონკრეტული გამოქვაბული, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ უძველესმა წინაპრებმა გამოქვაბული მისი სიღრმის და სიბნელის გამო აარჩიეს. ასეთ გამოქვაბულებში ისინი მტაცებლებს მარტივად დაემალებოდნენ. არის ვარაუდები, რომ გამოქვაბულს "რელიგიური" რიტუალების შესასრულებლადაც იყენებდნენ — გამოქვაბულს თავისი სიღრმის და სივიწროვის გამო, შესაძლოა, ჰალუცინაციები გამოეწვია.

თუმცა, ეს ყველაფერი მაინც ვარაუდებია და რთულია ზუსტად იმის თქმა, თუ ვინ და რატომ სახლობდა გამოქვაბულში მილიონობით წლის წინ. ერთი რამ კი მნიშვნელოვანია, არქეოლოგებმა, შესაძლოა, მსოფლიოში უძველესი საცხოვრებელი აღმოაჩინეს.