მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის რამდენიმე თვე კლინიკაში მკურნალობდა. ექიმები ამბობდნენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

მსახიობს 2020 წლის ბოლოს კორონავირუსი დაუდასტურდა. 2020 წლის 28 ნოემბერს კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობის გამო მიიყვანეს და მოგვიანებით, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დეკემბერში გაუმჯობესდა და მან საავადმყოფო გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

თებერვალში კავსაძე კვლავ დააწვინეს კლინიკაში. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებდა, რომ კავსაძემ კორონავირუსი წარმატებით დაამარცხა და მისი შეფასებით, მდგომარეობა ქრონიკულ პათოლოგიას უკავშირდებოდა.

კახი კავსაძე 1935 წლის 5 ივნისს თბილისში დაიბადა. მან 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და იმავე წელს გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. მას განსახიერებული აქვს ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები ცნობილ ქართულ ფილმებსა თუ სპექტაკლებში. კინოში კახი კავსაძის დებიუტი 50–იანი წლებიდან შედგა და ის 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული.

კახი კავსაძე სპექტაკლში მე ბებია ილიკო და ილარიონი.

ფოტო: ეროვნული ფოტომატიანე