თბილისის მერობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე მიზანმიმართულ ჭორს უწოდებს.

"მიზანმიმართული ჭორია. მე არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის წარმატებული ლიდერია და დარმწუნებული ვარ, თბილისში ძალიან ბევრ მოქალაქეს სურს, კვლავ კახა კალაძე იხილოს მერად მომავალში... კახა კალაძე არის გამორჩეული ლიდერი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვსურს, რომ ის იყოს თბილისის მერობის კანდიდატი, გადაწყვეტილება არის მისი მისაღები და მე დარწმუნებული ვარ, კახა კალაძესთან ერთად ჩვენს გუნდს ნამდვილად მნიშვნელოვანი გამარჯვება ელოდება", — განაცხადა თალაკვაძემ.

6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ 27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში მივიდა. პარლამენტში პირველად მივიდნენ: ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი — მეტი თავისუფლება, ასევე, ინდივიდუალურად არიან სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი. პარლამენტში არ არიან ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, ასევე, ლეიბორისტული პარტია.

საკანონმდებლო ორგანოში უკვე არიან გირჩი და მოქალაქეები. მათგან ალეკო ელისაშვილის პარტია უკვე მონაწილეობს საპარლამენტო საქმიანობაში, ხოლო ხვიჩია, მეგრელიშვილი და რაქვიაშვილი აცხადებენ, რომ მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებენ, ასევე, ისარგებლებენ იარაღის ტარების უფლებითა და დეპუტატის იმუნიტეტით.

პარლამენტში მისული ოპოზიცია დღეს, სავარაუდოდ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს, რომელიც შეთანხმების თანახმად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეეხება. ასევე, დღეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოსცემს.

თავდაპირველად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეთანხმებაში გათვალისწინებულ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე უარი განაცხადა, თუმცა 26 აპრილს მან გირაოთი გათავისუფლებაზე მზადყოფნა გამოთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის კანონს უკან გაითხოვენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა 19 აპრილს მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ დაესწრო შარლ მიშელიც.