ცხოველთა მოყვარულების დიდი ნაწილი უკვე შეთანხმდა, რომ მიუსაფარი ცხოველებისთვის უკეთესი გარემო-პირობების შესაქმნელად მათი სტერილიზაცია/კასტრაცია აუცილებელია: ამ გზით არა მხოლოდ მათ ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით, არამედ ქუჩაში უპატრონო ცხოველების რაოდენობასაც ვამცირებთ.

ხშირად ადამიანები მათ უბანში, ეზოში ან სულაც სახლში ერთდროულად რამდენიმე მიუსაფარ კატას და ძაღლს უვლიან, თუმცა ფინანსური გარემოებების გამო ყველას სტერილიზაცია/კასტრაციას ვერ ახერხებენ. სწორედ ამ ტვირთის შესამსუბუქებლად ვეტერინარული კლინიკა Vet House ნებისმიერ მსურველს ამ სერვისით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

"დღევანდელი მძიმე პანდემიის პირობებში, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი, რთულია, დამატებითი პასუხისმგებლობის და ხარჯის გაწევა და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ამიტომ გთავაზობთ აქციას უფასო სტრილიზაცია/კასტრაციის ოპერაციაზე", — ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

ვეტერინარული კლინიკა ამ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კამპანიით ქუჩის ცუგებსა და ფისოებს სანდო და მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარებას გაუწევს: "ეს პროცედურა ჩატარდება ისევე ყველა წესის დაცვით, როგორც ყოველთვის: მოხდება წინასწარი ჩაწერა, ავიღებთ სისხლის საერთოს ანალიზს და დამაკმაყოფილებელი პასუხის შემდეგ დაიგეგმება ოპერაცია. ოპერაციას გააკეთებენ კლინიკის წამყვანი ვეტერინარი ექიმები".

როგორც აღმოჩნდა, მსურველები მაშინვე მრავლად გამოჩნდნენ და რაოდენობაც მალევე შეივსო, თუმცა ამით არ ამოწურულა ეს აქცია და უახლოეს მომავალში ისევ განახლდება ჩაწერები.

როგორც ვეტ ჰაუსში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ კერძო კომპანიაა და სახელმწიფო დაფინანსებით არ სარგებლობენ, იაზრებენ მიუსაფარი ძაღლებისა და კატების საერთო პრობლემას და ცდილობენ, მათი წვლილი შეიტანონ ოთხფეხა მეგობრების გადარჩენაში.