გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ამნისტიის კანონს იმ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს, თუ ის ამორალური იქნება. ჟურნალისტების კითხვას, რა შემთხვევაში იქნება კანონი ამორალური, ხვიჩია ასე პასუხობს:

"გააჩნია სხვადასხვა შემთხვევას. იქ არიან პოლიციელები და სპეცრაზმელები, რომლებიც შეიძლება ცუდად იქცეოდნენ. მაგალითად, ვიღაცას მანქანაში ტენიდნენ ან ვიღაცას ხელით შეეხნენ. ჩემი აზრით, ჩვენ თუ პატიების გზით მივდივართ, ერთმანეთის გალახვა ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ, ერთმანეთს რასაც ვერ ვპატიობთ ჯერჯერობით, არის ერთმანეთის დასახიჩრება. ამიტომ მე მგონი, აქ ბუნებრივად არის ზღვარი. ზოგადად, იმის თქმა, რომ არცერთ პოლიციელს ან არცერთ სპეცრაზმელს არ უნდა შეეხოს, ჩემი აზრით, არ არის სწორი".

ხვიჩიამ ასევე აღნიშნა, რომ გირაოსთან დაკავშირებით ნიკა მელიას წინადადება "ცოტათი" დაგვიანებულია. მისი თქმით, კარგი იქნება, რომ მელია იყოს გარეთ და ამნისტიის კანონს უკვე მასთან ერთად, კონსენსუსით მიიღებენ. ხვიჩია ხაზს უსვამს, რომ კანონის მიღება ხანგრძლივი პროცედურაა.

"თავისუფლებაში მყოფ ნიკა მელიასთან ერთად, მე დარწმუნებული ვარ, მივალთ იმ კონსენსუსამდე, სადაც არავის ამნისტია არ გვეთაკილოს", — აღნიშნა მან.