ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ერთი ადამიანის "ნება-სურვილზე არ და ვერ იქნება დამოკიდებული" შეთანხმების შესრულება. მისი თქმით, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება უნდა შესრულდეს და შესრულდება. ამის შესახებ მან ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დაგეგმილი მორიგი შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.

"ერთი ადამიანის ნება-სურვილზე, რა თქმა უნდა, არ და ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება. შეთანხმების შერულებასთან დაკავშირებით ყველა ხელმომწერმა პარტიამ აიღო ვალდებულება, ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომ შევძლოთ ახალი ხარისხის თანამშრომლობაზე გადასვლა და ამისთვის ხელი უნდა შევუწყოთ დეპოლარიზაციას. ამისთვის ერთ-ერთი პუნქტი არის ამნისტიის აქტის მიღება. ამნისტიის აქტი დაინიცირდება და იქნება მიღებული.

ყველა ხელმომწერმა მხარემ აიღო ვალდებულება და იკისრა პასუხისმგებლობა, რომ უნდა გამოიცეს ამნისტიის აქტი. ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება უნდა შესრულდეს და ეს შესრულდება", — თქვა მან.

დღეს, 26 აპრილს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ის მზადყოფნას გამოთქვამს ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოთი გათავისუფლებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის კანონს უკან გაითხოვენ.

დოკუმენტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავდა წერია, რომ მხარეებმა ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, "პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად" აღქმულ ორ საკითხზე რეაგირება უნდა მოახდინონ ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

ამნისტიის საკითხს მოყვა არაერთი კითხვა იმაზე, თუ ვის შეეხება ეს კანონი. კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი წინააღმდეგია, რომ ის გავრცელდეს სამართალდამცავები უწყების წარმომადგენლებზეც, რომლებიც აქციის დაშლაში მონაწილეობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი ზუსტად იმ პირობებით მიიღება, რაც შეთანხმებაშია. მისი თქმით, ქართულ ოცნებას ამ საკითხზე "არავითარი სუბიექტური ინტერესი" არ გააჩნია.

27 აპრილს, სამშაბათს, ოპოზიცია პარლამენტში შევა იმისთვის, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაარეგისტრიროს. ამნისტია შეეხება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას. პროექტის დარეგისტრირების შემდეგ, ამავე დღეს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოსცემს.

გაიგეთ მეტი: