ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ამნისტიას მისთვის "მიუღებელი გზით" გათავისუფლება "ურჩევნია". ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა და ასე გამოეხმაურა მელიას განცხადებას, რის თანახმადაც, მზადაა, ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს, თუ ამნისტიას გაითხოვენ.

"რაც შეეხება მელიას წინადადებას, მგონი, რაც მან დაწერა, ყველაფერი ნათქვამია, მე რა უნდა დავამატო, არ ვიცი. ეს არის მისი პოზიცია, რომ ამ, ჩემი აზრით, ცუდ ვითარებაში მას ურჩევნია, რომ ამ ცუდი გზით, მისთვის მიუღებელი გზით მოხდეს მისი გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიით და მერე გამოვიდეს, რომ მის გამო შეიწყალეს 20 ივნისის სამართალდამრღვევები.

იმიტომ, რომ ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვნახეთ ბევრი ირიბად თუ პირდაპირ მისკენ თითის გაშვერა და ეს არასწორია. ვინც პასუხისმგებლობას იღებს, ის ან მელიასთან ან სხვებთან უნდა შეთანხმებულიყო ხელმოწერამდე, თუ ამას მიიჩნევდა მნიშვნელოვნად და გადამწყვეტად ან ამის შემდეგ მელიასგან და სხვებისგან დამოუკიდებლად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, აგოს პასუხი პოლიტიკურად და თავი დაანებოს თითების შვერას", — თქვა მან.

დოკუმენტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავდა წერია, რომ მხარეებმა ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, "პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად" აღქმულ ორ საკითხზე რეაგირება უნდა მოახდინონ ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

ამნისტიის საკითხს მოყვა არაერთი კითხვა იმაზე, თუ ვის შეეხება ეს კანონი. კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი წინააღმდეგია, რომ ის გავრცელდეს სამართალდამცავები უწყების წარმომადგენლებზეც, რომლებიც აქციის დაშლაში მონაწილეობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი ზუსტად იმ პირობებით მიიღება, რაც შეთანხმებაშია. მისი თქმით, ქართულ ოცნებას ამ საკითხზე "არავითარი სუბიექტური ინტერესი" არ გააჩნია.

27 აპრილს, სამშაბათს, ოპოზიცია პარლამენტში შევა იმისთვის, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაარეგისტრიროს. ამნისტია შეეხება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას. პროექტის დარეგისტრირების შემდეგ, ამავე დღეს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოსცემს.

გაიგეთ მეტი: