ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მალე იუვენტუსს შეუერთდება. ამის შესახებ იუვენტუსის გულშემატკივრებისთვის შექმნილი სპორტული ვებგვერდი Juventus News 24 წერს, რომლის მიხედვითაც, იტალიური საფეხბურთო კლუბი კვარაცხელიას €20 მილიონად შეიძენს.

"როგორც Juventus News 24-მა გაარკვია, 'იუვეს' კონკურენტებთან შედარებით აშკარა უპირატესობა აქვს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენისთვის, რომელიც ყაზანის რუბინის ნახევარმცველია", — ვკითხულობთ სტატიაში.

იუვენტუსის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის საკითხს მომხმარებლები Reddit-ზეც განიხილავენ. ჯერჯერობით ამ საკითხზე დამატებით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

20 წლის ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის საფეხბურთო კლუბ რუბინის ნახევარმცველია, რომელმაც ქართველ გულშემატკივრებს თავი განსაკუთრებით 28 მარტს ესპანეთსა და საქართველოს შორის მატჩის დროს დაამახსოვრა. მატჩზე კვარაცხელიამ საქართველოს სახელით მოწინააღმდეგის კარში ერთადერთი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელისგან, ლუის ენრიკესგან ქებაც დაიმსახურა:

"ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ეტყობა, რომ უკვე მაღალი ხარისხის ფეხბურთელია. თუ ასე გააგრძელებს, სავარაუდოდ, მას ძალიან დიდი კარიერა ექნება", — განაცხადა ლუის ენრიკემ კვარაცხელიაზე.