ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, თუ ქართული ოცნება შარლ მიშელის დოკუმენტში ასახულ პრინციპებს არ გაიზიარებს, მათ საკუთარი პროექტი ექნებათ, რომელიც საჯაროდ გაჟღერებულ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში იქნება.

"ჩვენმა გუშინდელმა საუბარმა ქართულ ოცნებასთან კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო, მათ განსხვავებული ხედვა აქვთ. თუ მათ შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული ეს პრინციპები არ გაიზიარეს, ჩვენ ჩვენი პროექტი გვექნება, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება იმ საჯაროდ გაჟღერებულ პრინციპებთან, რაზეც ჩვენ ადრე გვისაუბრია და რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებიდან გამომდინარეობს", — განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მათი პოზიციით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ორ მუხლზე, რომელიც მიხედვითაც სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და ასევე, უნდა არსებობდეს დაზარალებულის თანხმობა ასეთის არსებობის პირობებში.

ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ საუბარია 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილსა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტზე.

"ორ კონკრეტულ მუხლზე უნდა იყოს გავრცელებული ეს ამნისტია, იმის გამო, რომ ამ ორი კონკრეტული მუხლით მიმდინარეობს ადამიანების სისხლის სამართლებრივი დევნა და იყო სიტყვიერი შეთანხმება, ასევე, რომ ეს უნდა გავრცელებულიყო სამ პოლიციელზე, ოღონდ ჩვენ შემოგვაქვს დათქმა, რაც არის გამომდინარე ამნისტიის შესახებ კანონის მიღების პრაქტიკიდან, რომ იმ სამ პოლიციელზეც უნდა გავრცელდეს დაზარალებულის თანხმობა", — თქვა ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დოკუმენტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავდა წერია, რომ მხარეებმა ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, "პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად" აღქმულ ორ საკითხზე რეაგირება უნდა მოახდინონ ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

ამნისტიის საკითხს მოყვა არაერთი კითხვა იმაზე, თუ ვის შეეხება ეს კანონი. კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი წინააღმდეგია, რომ ის გავრცელდეს სამართალდამცავები უწყების წარმომადგენლებზეც, რომლებიც აქციის დაშლაში მონაწილეობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი ზუსტად იმ პირობებით მიიღება, რაც შეთანხმებაშია. მისი თქმით, ქართულ ოცნებას ამ საკითხზე "არავითარი სუბიექტური ინტერესი" არ გააჩნია.

27 აპრილს, სამშაბათს, ოპოზიცია პარლამენტში შევა იმისთვის, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაარეგისტრიროს. ამნისტია შეეხება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას. პროექტის დარეგისტრირების შემდეგ, ამავე დღეს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოსცემს.

გაიგეთ მეტი: