კანადის ერთ-ერთი ქალაქი 36 საათის განმავლობაში ინტერნეტის გარეშე დარჩა. ამის მიზეზი კი შრომისმოყვარე თახვები აღმოჩნდნენ, რომლებმაც შემთხვევით სადენები გადაღრღნეს. როგორც აღმოჩნდა, თახვები ჯებირების ასაშენებლად შესაბამის მასალას ეძებდნენ.

ინტერნეტის მიმწოდებელმა კომპანიამ ინტერნეტის გათიშვის შესახებ უამრავი შეტყობინება მიიღო. ქალაქის 900-მდე მაცხოვრებელს ინტერნეტით, 60-მდე მომხმარებელს კი საკაბელო ტელევიზიით სარგებლობის შესაძლებლობა შეეზღუდა. დაზიანდა სატელეფონო ხაზებიც.

კომპანიამ საკითხის გასარკვევად სპეციალური ჯგუფი გაგზავნა. ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ თახვებმა მიწაში დაახლოებით 11-სანტიმეტრიანი დამცავი შრით გარშემორტყმული სქელი სადენები რამდენიმე წერტილში გადაღრღნეს.

ხანგრძლივი სამუშაოების შემდეგ, საბოლოოდ, სადენები შეაკეთეს და მომხმარებლებს ინტერნეტი ჩვეულებრივად მიეწოდებათ.