მეცნიერებს ტვინები სჭირდებათ. მრავალი ადამიანი გულის, ფილტვის, თირკმლისა თუ ღვიძლის დონორია, მაგრამ ტვინის დონორის პოვნა ყოველთვის რთულია. საზოგადოებას წარმოდგენა არ აქვს, რომ ამ ორგანოს დონაციაც შეიძლება და მეტიც, აუცილებელია.

ადამიანები, რომლებსაც მენტალური დაავადებები აქვთ, როგორებიცაა დეპრესია ან პოსტ-ტრავმატული სტრესის აშლილობა, თვლიან, რომ მათი ტვინები უსარგებლოა. რეალურად კი, სწორედ ამ ადამიანებს შეუძლიათ, მეცნიერების პროგრესს შეუწყონ ხელი.

ჰარვარდის პროფესორი საბინა ბერეტა ამბობს, რომ საკვლევი მასალის ნაკლებობის მიზეზი მცდარი სტერეოტიპებია. გავრცელებული აზრით, მენტალური დაავადებები ტვინზე არ აისახება, რაც მართალი არაა.

დიდი წარმატებები

ნეიროლოგიური მდგომარეობების შესასწავლად ტვინის რეალურ ქსოვილზე წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დემენციის, პარკინსონის, ალცჰაიმერის კვლევისას მიღწეული შედეგები უმეტესად ჯანმრთელ ტვინებზე დაკვირვებამ მოიტანა, რადგან მეცნიერებს შეხება არ ჰქონდათ ჩამოთვლილი დაავადებების მქონე პაციენტებთან. შესაბამისად, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესასწავლი.

დოქტორი კერი რესლერი, მეცნიერი მაკლინის კლინიკიდან, ამბობს: "ჩვენ გვაქვს ხელსაწყოები და უნარები, რომ ღრმად ჩავწვდეთ ადამიანის ტვინის ბიოლოგიას, მაგრამ გვაკლია ამ აშლილობების მქონე ადამიანების ტვინის ქსოვილები".

მეტი მასალა მეტ კვლევას ნიშნავს, რაც საბოლოოდ მეტ ინფორმაციას მოგვცემს ნეიროლოგიური თუ მენტალური აშლილობების შესახებ. ამ გზით, მეცნიერები შეძლებენ, მკურნალობის მეთოდები ან აუცილებელი მედიკამენტები აღმოაჩინონ.