საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, არჩილ თალაკვაძე მერის პოზიციაზე ძალიან სუსტი იქნება.

"რაც შეეხება თალაკვაძეს, მე ერთადერთხელ მქონდა თალაკვაძესთან პარლამენტში შემოსვლამდე შეხება, ამას საჯაროდაც ვამბობდი ხოლმე. როდესაც მე ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ის იყო სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, სამედიცინო საქმეს წარმართავდა, ჩვენ ერთად ვიმუშავეთ შეწყალების დებულებაზე და მაშინ მე მისი საქმიანობით ვიყავი კმაყოფილი და აშკარად ეტყობოდა, რომ იმ საქმეში იყო ჩახედული. მაგრამ თალაკვაძე, როგორც მერი, არ ვიცი. ჩემი აზრით, ძალიან სუსტი იქნება. იმიტომ, რომ ამ ქალაქს ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ამ დიდ პრობლემებს დიდი ცოდნა სჭირდება, რომ ჯერ გაიაზროს სად არის პრობლემები და მერე მათ გადაჭრაზე ფიქროს. არის თუ არა ასეთი კანდიდატი თალაკვაძე? სიმართლე გითხრათ, მეეჭვება", — განაცხადა მან.

რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა მერობის კანდიდატი, ის ამბობს, რომ ამაზე პარტიაში ჯერ არ უმსჯელიათ.

"არ ვიცი, ჯერ ჩვენ ამაზე პარტიაში არ გვიმსჯელია. გვიფიქრია ამაზე, შეილება გადავწყვიტო და კიდევ ერთხელ ჩავერთო თბილისის მერობისთვის ბრძოლაზე, შეილება რა. ახლა უკვე მარტო არ ვიღებ გადაწყვეტილებებს, პარტიაში ვმსჯელობთ ამაზე", — განაცხადა მან.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა შაბათს, 24 აპრილს დატოვა. ამის მიზეზი, მისი თქმით, ისაა, რომ მოლაპარაკებებზე მხარეს წარმოადგენდა, ხოლო პარლამენტის სპიკერი "ნეიტრალური უნდა იყოს". დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ის ქართული ოცნების მიერ თბილისის მერობის კანდიდატად იყოს წარდგენილი.