ოსკარების 93-ე დაჯილდოების ცერემონია ისტორიული იყო. ჩინელი რეჟისორი ქლოა ჭაო ნამდვილი ტრიუმფატორი გახდა: მისი ფილმი Nomadland (მომთაბარეთა მიწა) წლის საუკეთესო ფილმად, თავად კი საუკეთესო რეჟისორად დასახელდა. ოსკარების მრავალწლიან ისტორიაში ის მეორე რეჟისორი ქალი გახდა, ვისაც ეს ჯილდო მიუღია.

რეჟისორმა ოსკარის მიღებისას შთამაგონებელი სიტყვა წარმოთქვა და ჯილდო იმ ადამიანებს მიუძღვნა, ვინც სხვებში კარგის დანახვას ცხოვრების ურთულეს მომენტებშიც ახერხებს.

ფრენსის მაკდორმანდი და ქლოა ჭაო ოსკარზე. 26 აპრილი, 2021 წელი.

ფოტო: Getty Images

"ამ ბოლოს ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ ვაგრძელებდი ბრძოლას, როცა ყველაფერი რთულდებოდა. ვფიქრობ, ეს ჩვევა ბავშვობაში გამოვიმუშავე.

ჩინეთში ვიზრდებოდი და პატარაობაში, მამა ხშირად მეთამაშებოდა. ვიმახსოვრებდით ჩინურ პოემებსა და ტექსტებს და შემდეგ ზეპირად ვციტირებდით. ერთ-ერთი ჩვენგანი მას იწყებდა და მეორე ასრულებდა.

ამ ტექსტებიდან ერთი დღემდე მახსოვს და მას სამიეროგლიფიანი კლასიკა (Three Character Classic) ჰქვია. პირველი ფრაზა ასე იწყება: 'ყოველი ადამიანი, დაბადებისას, თავისი საწყისით კეთილია'. ბავშვობაში, ამ ექვს სიტყვას ჩემზე უდიდესი გავლენა ჰქონდა და მათი დღემდე მჯერა.

ხანდახან ამის საპირისპიროს ვხედავთ, თუმცა, ყოველთვის ვცდილობდი, კარგი მეპოვა იმ ადამიანებში, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვხვდებოდი.

ასე რომ, ამ ჯილდოს მათ ვუძღვნი, ვისაც რწმენა და სიმამაცე შემორჩა, რომ საკუთარ თავებში და ერთმანეთში საუკეთესო მხარეები აღმოაჩინონ. იმის მიუხედავად, როგორი რთულია ეს.

ეს ჯილდო თქვენთვისაა, თქვენ მე შთამაგონებთ, რომ წინსვლა განვაგრძო".