თბილისის 128-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი ამბობს, რომ ბაღში მის შვილს საჭმლის მოთხოვნის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან ამის შესახებ ფორმულასთან ისაუბრა და თქვა, რომ ბავშვზე აღმზრდელმა იძალადა.

"128-ე ბაღში ჩემს შვილზე ფიზიკური ძალადობა დაფიქსირდა — შენჯღრევა და ხელის გარტყმა პედაგოგის მიერ. დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან. ამის მერე ჩავეძიე და კამერების ამონაწერი მოვითხოვე. ჩემი თვალით ვუყურე კამერების ამონაწერში ძალადობის ფაქტს.

ბავშვი უცნობ პირებს რომ ხედავს, იმალება მშობლის უკან, სახეზე ხელს იფარებს ვიღაცა რომ უახლოვდება, რომ სახეში არ გაარტყას, მე ეს შთაბეჭდილება მრჩება. სახის მიდამოში ეშინია ვინმეს მიახლოების", — უთხრა მშობელმა ფორმულას.

128-ე ბაგა ბაღის დირექტორმა On.ge-ს განუცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით მან ყველა ზომა მიიღო და აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლა. მისივე თქმით, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს თანაშემწეს, ჯგუფიდან მოხსნეს და სამუშაო პოზიცია შეუცვალეს.

"23 აპრილს მოვიდა ბაღში მშობელი და კამერების ჩანაწერები მოითხოვა. ვანახეთ, რა თქმა უნდა. დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ", — ამბობს მანანა ყავლაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" პუნქტით დაიწყო, რაც ბავშვზე ძალადობას გულისხმობს.