იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამნისტიაზე საუბრისას ამბობს, რომ პოლიტიკოსის იმუნიტეტი ინდულგენცია ვერ იქნება. მისივე თქმით, თუ ვინმეს მიმართ კონვენციური მუხლის სტანდარტით შესაძლო დარღვევა გამოიკვეთა, მათ ამნისტია არ შეეხებათ.

"არავის არ აქვს მიზნად და აზრად, რომ შეეხოს ისეთ ადამიანს, ვინც შესაძლოა ჩაიდინა წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, შესაბამისად, ეს სპეკულაციები რომ გამოვრიცხოთ, პირველი — ქართული ოცნების ინტერესი არანაირად არ არის ამნისტიის გამოცემა, თუ გამოიცემა ის უნდა იყოს სამართლიანი, ყველა პირზე თანაბარი და პოლიტიკოსის იმუნიტეტი ვერ იქნება ინდულგენცია, რომ ის უფრო გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან ვიდრე სხვა პირი. შესაბამისად, მიდგომა იქნება თანაბარი, ერთიანი და სამართლიანი", — ამბობს ოხანაშვილი.

დოკუმენტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავდა ვკითხულობთ, რომ მხარეებმა ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება უნდა მოახდინონ "პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად" აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

ამნისტიის საკითხს მოყვა არაერთი კითხვა იმაზე, თუ ვის შეეხება ეს კანონი. კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი წინააღმდეგია, რომ ის გავრცელდეს სამართალდამცავები უწყების წარმომადგენლებზეც, რომლებიც აქციის დაშლაში მონაწილეობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი ზუსტად იმ პირობებით მიიღება, რაც შეთანხმებაშია. მისი თქმით, ქართულ ოცნებას ამ საკითხზე "არავითარი სუბიექტური ინტერესი" არ გააჩნია.

27 აპრილს, სამშაბათს, ოპოზიცია პარლამენტში შევა იმისთვის, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაარეგისტრიროს. ამნისტია შეეხება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას. პროექტის დარეგისტრირების შემდეგ, ამავე დღეს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოსცემს.

გაიგეთ მეტი: