ოდესღაც დისნეის მაყურებლები, დღეს ბავშვები აღარ ვართ. ჩვენ გავიზარდეთ, უკვე უნივერსიტეტებსა და სამსახურებში მიმოვიფანტეთ, ახალი ღირებულებები შევიძინეთ, მუსიკალური გემოვნებაც გავაფართოვეთ. მაგრამ დღის ბოლოს, როცა საკუთარ თავებთან მარტო ვრჩებით, არ გვავიწყდება ის, თუ საიდან დავიწყეთ.

ჩვენ დავიწყეთ მაილი სტიუარტით, რომელიც ქერა პარიკის გაკეთებისთანავე როკვარსკვლავ ჰანა მონტანად იქცეოდა; დავიწყეთ დემი ლოვატოსა და ჯო ჯონასის დუეტის, This is me, ტექსტის დაზეპირებით და უმაღლესი სკოლის მიუზიკლის ცეკვების ქორეოგრაფიის დამახსოვრებით.

როცა დემი ლოვატო აღმოვაჩინე, 12 წლის ვიყავი. ამ ასაკში თითქოს ბუნებრივად ჩნდება ვალდებულება, რომ ვიღაცის ფანი გახდე. ეს საკუთარი იდენტობის შექმნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებია, რომლებიც, ამასთან, სამეგობრო წრის არჩევაშიც გეხმარება. მეც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის ამ ახალ ტენდენციებს არ ჩამოვრჩენოდი, ასე უბრალოდ გადავწყვიტე, დემი ლოვატო ყოფილიყო ის სახე, რომლის პოსტერსაც ჩემი სკოლის კარადაში გავაკრავდი. მაშინ ამ გადაწყვეტილების უკან მდგომ მიზეზებზე არც დავფიქრებულვარ. თუმცა ახლა ვხვდები, როგორ შეცვალა ამ შემთხვევითმა არჩევანმა ჩემი ცხოვრების განვითარების გზა და რა დიდი როლი ითამაშა იმ ადამიანად ჩამოყალიბებაში, ვინც ახლა ვარ.

სინამდვილეში, იმას, თუ ვის პოსტერებთან ერთად იზრდები, დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ არ გჯერათ, კითხვა გააგრძელეთ და ნახავთ, როგორ შეძლო ათასობით კილომეტრის დაშორებით მცხოვრებმა გოგომ სამყაროსა და საკუთარი თავისადმი ჩემს დამოკიდებულებებზე გავლენის მოხდენა.

როგორც ცათამბჯენი

საზოგადოებაში ნელ-ნელა იხსნება სტიგმა მენტალურ ჯანმრთელობაზე. დღეს ჰოლივუდის ვარსკვლავები თავიანთი ისტორიის გაზიარებას, საბედნიეროდ, აღარ ერიდებიან. მაგრამ ის კი არ უნდა დავივიწყოთ, რომ ინდუსტრიაში ერთ-ერთი პირველი სახე, რომელმაც ამ თემებს ტაბუ მოხსნა, სწორედ დემი ლოვატო იყო. Vogue Mexico-ს ავტორი თავის სტატიაში მენტალური დაავადების ერთ-ერთი სახის, კვებით აშლილობების შესახებ დიალოგის წამოწყებაში მომღერლის მიერ შესრულებულ როლს იხსენებს: "შუა 2000-იან წლებში, როცა 15-ის ვიყავი, კვებით აშლილობებზე საუბარს ხალხი ნელ-ნელა იწყებდა. მაგრამ პირველად, როცა ამ თემაზე წარმოთქმული სიტყვები ვიღაცისგან ცხადად და მკაფიოდ მოვისმინე, ეს დემი ლოვატო იყო".

იქიდან გამომდინარე, რომ მეც ლოვატოსთან ერთად გავიზარდე, ჩემთვის დეპრესიაზე, დამოკიდებულებებზე, ბიპოლარულ და კვებით აშლილობებზე ლაპარაკი ახალი ხილი არ ყოფილა. პირიქით, იმდენად ბუნებრივი იყო ამ თემებზე საუბარი, რომ კარგა ხანი მეგონა, სტიგმა საზოგადოებაში უკვე მოხსნილი იყო. ამიტომ უსიამოვნოდ გაოცებული დავრჩი იმ რეაქციით, რომელიც მაშინ მივიღე, როცა პირადად მომიწია დახმარების თხოვნა. სწორედ მაშინ დავაფასე, რა დიდ საქმეს აკეთებდა ერთი ახალგაზრდა მომღერალი, რომელიც თავის შემოქმედებით ამ თემაზე ლაპარაკს არ ერიდებოდა.

ფოტო: Angelo Kritikos / Bustle

დემი ლოვატო ინდუსტრიაში ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში, საბავშვო სატელევიზიო შოუში, ბარნი და მეგობრები, გამოჩნდა. მას მერე ლოვატო ჰოლივუდის წევრია და უამრავწლიანი მოღვაწეობის შედეგად მან თავისი შემოქმედება თვითგამოხატვის საშუალებად აქცია. დიახ, ის სექსუალური პოპვარსკვლავიც ყოფილა და ამ პერიოდში მსუბუქი, გასართობი და საცეკვაო ჰიტებიც შეუქმნია. თუმცა მისი მოღვაწეობის განმსაზღვრელი და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები ის ეპიზოდებია, როცა მომღერალმა მწერლის კალამი მოირგო, საყვარელ ინსტრუმენტს მიუჯდა და იმის პოეტურად გადმოცემა დაიწყო, რაც ინდუსტრიაში გაზრდილ ბავშვს მუდმივად აწუხებდა. ნარკოდამოკიდებულება, ალკოჰოლიზმი, ბიპოლარული აშლილობა, დეპრესია, კვებითი აშლილობა და ტრავმების შემდეგ ცხოვრების გაგრძელების მცდელობა ის თემებია, რომლებსაც ლოვატოს შემოქმედებაში იპოვით.

მას 18 წლისას პირველად მოუწია, სარეაბილიტაციო ცენტრისთვის მიეკითხა. სცენაზე დაბრუნებისას კი თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმღერა, ცათამბჯენი გამოუშვა. სიმღერა იმ ძალის დაბრუნებაზეა, რომელიც კამერების წინ გაზრდამ დააკარგვინა: "შეგიძლია, წაიღო ყველაფერი, რაც მაქვს / შეგიძლია, დაამსხვრიო ყველაფერი, რაც ვარ, / თითქოს დამზადებული ვარ შუშისგან, / თითქოს დამზადებული ვარ ფურცლისგან", — მღერის ის, — "მიდი, სცადე ჩემი დამარცხება, / მიწიდან ამოვიზრდები ისე, როგორც ცათამბჯენი".

არის აქ ვინმე?

დემი, თავის მხრივ, ემი უაინჰაუსის პოსტერებზე გაზრდილი გოგოა. "ემი უაინჰაუსთან ერთად ვიზრდებოდი და ძალიან მინდოდა, ის ვყოფილიყავი. მინდოდა, მასავით გამხდარი ტანი მქონოდა, მასავით მემღერა, ზუსტად მისნაირი ვქცეულიყავი", — ამბობს ის თავის 2017 წლის დოკუმენტურ ფილმში. ბედის ირონიით, ეს მსგავსება მტკივნეულ რეალობად იქცა: გარდა იმისა, რომ ორივე მომღერალი ცხოვრების განმავლობაში დეპრესიას ებრძოდა, მათ თვითდაზიანებასთან, დამოკიდებულებასა და კვებით აშლილობებთან გამკლავებაც მოუწიათ. თუმცა მსგავსებები ამით არ მთავრდება.

2011 წლის 23 ივლისს ემი უაინჰაუსი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო გარდაცვლილი იპოვეს. გავა ზუსტად 7 წელი და 2018 წლის 23 ივლისის ღამეს დემი ლოვატო წვეულებას გამართავს, შემდეგ კი ნარკოტიკით ზედოზირების გამო საავადმყოფოში მოხვდება. მათი ისტორიები ასე ტრაგიკულად დაემსგავსა ერთმანეთს. თუმცა დემიმ, რომელიც სასწაულად გადაურჩა ზედოზირების შედეგად გამოწვეულ გულის შეტევასა და სამ ინსულტს, ის მეორე შანსი და ალტერნატიული გაგრძელება მიიღო, რაც, სამწუხაროდ, ემის არ ჰქონია.

დემისა და ემის ისტორია კარგად გვაჩვენებს იმ უსასრულო მარტოობას, რაც უზომო პოპულარობის საფასური შეიძლება იყოს. 2018 წლის ინციდენტი და ლოვატოს დაღმასვლა უამრავმა მოვლენამ გამოიწვია. მაგრამ, უპირველესად, ეს სწორედ უკიდურეს მარტოობასთან გამკლავების ლამის ფატალური მცდელობა იყო. ინციდენტიდან სამი დღით ადრე მან სტუდიაში თავის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმღერა, ვინმე ჩაწერა, რომელშიც ის, სრულიად სასოწარკვეთილი, ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენასა და მსმენელის პოვნას ითხოვს: "ვინმე? ღმერთო, არის აქ ვინმე? ვიღაც მჭირდება". საოცარ ვოკალურ ტექნიკასთან კომბინირებული გულწრფელობა და მთავარი გზავნილი სიმღერას ხელოვნების იმ ნიმუშად აქცევს, რომელიც მსმენელთან შეულამაზებელ ემოციურ კავშირს ამყარებს: "100 მილიონი ამბავი და 100 მილიონი სიმღერა / თავს სულელად ვგრძნობ, როცა ვლოცულობ / საერთოდ რისთვის ვლოცულობ, თუ არავინ მისმენს?!"

ცეკვა დემონთან

დამოკიდებულება დაავადებაა. თუმცა ბევრს დღემდე მიაჩნია, რომ ეს პირადი არჩევანია. დემი ლოვატო საკუთარი ისტორიის მოყოლით — რაც თავისთავად დასაფასებელი სიმამაცის გამოვლინებაა — ამ მითის გაქარწყლებას ცდილობს. ბოლო ნაშრომებში, ალბომსა და დოკუმენტურ ფილმში, ის ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას დემონთან ცეკვას ადარებს: ეს დაუსრულებელი და გამომფიტავი განცხრომა, მუდმივი ცდუნებაა, რომელთანაც შეწინააღმდეგება ძალიან რთულია.

ლოვატოს შემოქმედებაში დამოკიდებულება პირად ტანჯვასთან გამკლავების დესტრუქციულ მცდელობადაა წარმოდგენილი. სარეაბილიტაციო ცენტრის პირველად დატოვების შემდეგ დემიმ ექვსი წლის განმავლობაში შეძლო, რომ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს არ გაკარებოდა. თუმცა სიფხიზლის დარღვევა გაუარესებულმა კვებითმა აშლილობამ და დეპრესიამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ მომღერლის იმჟამინდელმა გუნდმა ამას ყურადღება არ მიაქცია: როცა დემიმ დახმარება ითხოვა, მათ უთხრეს, რომ ამისთვის "საკმარისად ავად" არ იყო.

უახლოესი ადამიანებისგან თანადგომის ვერმიღების შემდეგ მან ფხიზლად ყოფნაში აზრის დანახვა ვერ შეძლო. ამ მდგომარეობის ტრაგიკულობის მიუხედავად, დემი ლოვატო და 2018 წლის ინციდენტი სოციალურ ქსელებში დამცინავი პოსტებისა და "სასაცილო" მიმების სამიზნედ იქცა. ამან კიდევ ერთხელ გააცხადა ის, თუ რამდენად ზედაპირული წარმოდგენა გვაქვს მენტალურ აშლილობებზე. საზოგადოების დიდმა ნაწილმა თავის დროზე არც ემი უაინჰაუსს მოუსმინა და ახლა არც სასოწარკვეთილ ახალგაზრდა ვარსკვლავს აქცევდა ყურადღებას. არადა, მომღერალი თავისი შემოქმედების საშუალებით, სწორედაც რომ, დახმარებას ითხოვდა: "მეგონა, ვიცოდი ჩემი ზღვარი / მეგონა, შევძლებდი თავის დანებებას / მეგონა, მარტივად წავიდოდი / მაგრამ აქ ვარ, მუხლებზე ვეშვები / უკეთესი დღეებისთვის ვლოცულობ, რომ მოვიდეს და ეს ტკივილი გადარეცხოს / გთხოვ, შეგიძლია შემინდო? / ღმერთო, ბოდიში დემონთან ცეკვისთვის".

მუსიკა როგორც თვითგამოხატვის საშუალება

დემი ლოვატოს ყოფილმა გუნდმა სხვა შეცდომებიც დაუშვა. იქიდან გამომდინარე, რომ მომღერალი მოზარდობის ასაკიდანვე კვებითი აშლილობით იტანჯებოდა, მათ გადაწყვიტეს, რომ მის კვების რეჟიმზე სრული კონტროლი უნდა დაეწესებინათ. როცა სასტუმროში რჩებოდნენ, ლოვატოს ნომრიდან ტელეფონს ართმევდნენ, რომ ოთახის მომსახურება არ გამოეძახებინა; ოთახიდან აქრობდნენ ხილსაც, რადგან ეს ზედმეტი შაქარი იყო; ამის გარდა, ვარსკვლავს წლები საკუთარ დაბადების დღეზე ნამდვილი ტორტი არ ჰქონია — მას "საზამთროს ტორტზე", ანუ საზამთროზე დამატებულ კრემზე, აქრობინებდნენ სანთელს.

ფოტო: Demi Lovato

ეს ცალსახად არასწორი სტრატეგია იყო, რადგან სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო. როცა მთელი შენი ცხოვრება იმაზეა კონცენტრირებული, თუ როგორ ცუდად ხარ, კარგად გახდომა ორმაგად რთულდება. საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის არქონა 2018 წლის ზედოზირების მორიგი განმაპირობებელი მიზეზი აღმოჩნდა.

ლოვატო 2018 წლის ინციდენტს სასწაულებრივად გადაურჩა და ამას თვითონაც ხვდება. ახალ დოკუმენტურში ის ამბობს, რომ ეს თავისი მეცხრე სიცოცხლეა — უკანასკნელი შანსი, რომელიც უნდა გამოიყენოს. დემის, ფაქტობრივად, თავიდან მოუწია ყველაფრის დაწყება: ძველმა გუნდმა და იმჟამინდელმა მეგობრებმა ჯერ კიდევ მაშინ მიატოვეს, როცა ექვსწლიანი სიფხიზლე დაარღვია. ახლა მას ახალი მენეჯმენტი ჰყავს და იმ ადამიანებითაა გარშემორტყმული, რომლებსაც წარმატებული კარიერის მოწყობაზე მეტად მომღერლის კარგად ყოფნა ადარდებს. ეს ის ცხოვრებაა, რომელიც ემი უაინჰაუსს შეიძლებოდა ჰქონოდა, მაგრამ ვერ მიიღო.

დემი ლოვატო მშვენივრად აანალიზებს და აფასებს კიდევაც სამყაროსგან ბოძებულ მეორე შანსს. თითქმის ოთხი წლის მერე ის აუდიტორიას ახალი ალბომით დაუბრუნდა, რომელსაც ცეკვა დემონთან... თავიდან დაწყების ხელოვნება ჰქვია. ლოვატო იმის კეთებას მიუბრუნდა, რაც გამოსდის: საკუთარი ამბავი ხელოვნებად აქცია და ასე თვითგამოხატვა, ტრავმისგან გათავისუფლება შეძლო. ალბომი 19 სიმღერისგან შედგება და უკანასკნელ პერიოდში განვლილ თავგადასავალს აღწერს. მომღერლის უახლესი ნაშრომი აჩვენებს, როგორ იქცა ლოვატო ჭუპრიდან პეპლად: "ახალი დასაწყისები, შესაძლოა, მარტოსული იყოს / მადლობა ღმერთს, საკუთარი თავი მაინც მყავს იმისთვის, რომ მომეხვიოს".

ფოტო: Demi Lovato / Insider

დემი ლოვატოსთან ერთად გაზრდა მისი მუსიკის სიყვარულზე გაცილებით მეტს ნიშნავს. სკოლის კარადაში გაკრული პოსტერი მხოლოდ იმის შემახსენებელი არაა, რომ ვიღაც მომღერალს უსმენ — ამ სახის მიღმა დიდი ამბავი იმალება. და შენც, დროის გასვლასთან ერთად, ამ ამბავთან ერთად ვითარდები. მართალია, 12 წლისას კარგად არ მესმოდა, რას ნიშნავდა დეპრესია, დამოკიდებულება თუ სხვა მენტალური აშლილობები, მაგრამ იმაში კი ნამდვილად ვიყავი დარწმუნებული, რომ იყო რაღაც მაგიური და ცხოვრების გარდამქმნელი საკუთარი ამბის ხელოვნებად ქცევაში.

12 წლის მარიამები, რომლებსაც სკოლის კარადაში ახალგაზრდა მომღერლის ფოტო აქვთ გაკრული, გაიზრდებიან, განვითარდებიან და როცა გზად ის პრობლემები შემოხვდებათ, რომლებზეც პოსტერის გოგო საკუთარი შემოქმედებით მოუთხრობდა, პირველი, რასაც გააკეთებენ, ლაპარაკი იქნება. საკუთარ ტკივილებზე ღიად ლაპარაკის დაწყება კი უკეთ გახდომისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ეს ჩვენ და დემი ლოვატომ მშვენივრად ვიცით — ვიცით, რომ თვითგამოხატვა გათავისუფლებაა.