სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 20 ივნისის ამნისტია კონვენციურ დანაშაულებზე არ გავრცელდება. აღნიშნული ვაშაძემ ოპოზიციისა და ქართული ოცნების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ თქვა.

"რასაც ვამბობდით, კონვენციურ დანაშაულებებზე არ გავრცელდება ამნისტია. ეს პირდაპირ ჩაიწერება, სავარაუდოდ, კანონში. ესე იგი, ჯალათებზე არ ვრცელდება ამნისტია, ეს რომ დამთავრდეს სპეკულაცია. უამრავი დეტალია ამ კანონში და ყველა შევეცდებით, რომ სამშაბათამდე დაზუსტდეს აბსოლუტურად ყველა დეტალი", — განაცხადა ვაშაძემ.

დღეს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და ონლაინ-რეჟიმში თავად მიშელიც დაესწრო.

დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი თქვეს ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ. ასევე, ლეიბორისტულმა პარტიამ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ პარტიებიდან ცალკეულმა დეპუტატებმა დოკუმენტს ხელი ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე მოაწერეს.

გაიგეთ მეტი: