ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით დღევანდელი შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა.

"კონკრეტული შედეგი დღეს არ გვქონია. არც იყო მოსალოდნელი. ჩვენ აზრები გავცვალეთ ერთმანეთთან, მეორე მხარეს მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები, ჩვენი ხედვა, როგორ გვესმის ჩვენ ეს კანონი და მოვისმინეთ მათი მოსაზრებებიც. ასე რომ, ჩვენ დღეს კონკრეტული შედეგისთვის არ მიგვიღწევია", — განაცხადა ჯაფარიძემ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, როგორ შემთხვევაში არის მისაღები ეს კანონი ლელოსთვის.

"ეს ამნისტია ვერ გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება ბრალი წაუყენონ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მუხლით, ასევე, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, რომლებმაც, შესაძლოა, გასცეს ბრძანება უკანონო დარბევასთან დაკავშირებით", — განაცხადა მან.

დოკუმენტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავდა ვკითხულობთ, რომ მხარეებმა ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება უნდა მოახდინონ "პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად" აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

ამნისტიის საკითხს მოყვა არაერთი კითხვა იმაზე, თუ ვის შეეხება ეს კანონი. კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი წინააღმდეგია, რომ ის გავრცელდეს სამართალდამცავები უწყების წარმომადგენლებზეც, რომლებიც აქციის დაშლაში მონაწილეობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი ზუსტად იმ პირობებით მიიღება, რაც შეთანხმებაშია. მისი თქმით, ქართულ ოცნებას ამ საკითხზე "არავითარი სუბიექტური ინტერესი" არ გააჩნია.

27 აპრილს, სამშაბათს, ოპოზიცია პარლამენტში შევა იმისთვის, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაარეგისტრიროს.

გაიგეთ მეტი: