FBI-იმ დააკავა ადამიანი, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ში მონაცემთა ცენტრების აფეთქებას გეგმავდა. The Washington Post-ის ცნობით, 28 წლის სეთ არონ პენდლი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენას გამყიდველისგან, სინამდვილეში კი FBI-ის აგენტისგან ცდილობდა. ამჯერად, ის აპირებდა ბომბის დეტონაციას ვირჯინიაში, Amazon Web Services-ის მონაცემთა ცენტრში.

გამოძიების თანახმად, პენდლი 6 იანვარს, კაპიტოლიუმში შეჭრაშიც მონაწილეობდა, თუმცა, ის შენობაში შესვლის ფაქტს არ ადასტურებს. მან FBI-ის ყურადღება MyMilitia.com-ზე განთავსებული საეჭვო პოსტებით მიიპყრო. იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ზედმეტსახელი Dionysus-ის გამოყენებით პენდლი აქ პოსტავდა, რომ აპირებდა "პატარა ექსპერიმენტის" ჩატარებას, რომელიც სიკვდილით დასრულდებოდა. ანონიმურმა მომხმარებელმა ნახა აღნიშნული პოსტი და შესაბამის უწყებებს აცნობა პოტენციური საფრთხის შესახებ.

"ჩვენ ვალში ვართ იმ მოქალაქის წინაშე, რომელმაც ბრალდებულის საგანგაშო ონლაინ რიტორიკის შესახებ გვაცნობა. ამ ქცევით მან შესაძლოა მონაცემთა ცენტრების არაერთი თანამშრომლის სიცოცხლე იხსნა", — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, პენდლი დაშიფრული მესიჯების აპლიკაცია Signal-ს იყენებდა, იმისათვის რომ მის გეგმებთან დაკავშირებით თანამოაზრეებთან კომუნიკაცია ჰქონოდა. FBI-ის წყაროს თანახმად კი, პენდლი "ინტერნეტის 70 პროცენტის გამორთვას გეგმავდა". არონ პენდლი ახლა დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. წინასწარი ვარაუდით, მას შეიძლება 20 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ელოდოს.