გერმანელი ტანმოვარჯიშის, სარა ფოსის, კოსტიუმს, რომლითაც იგი საერთაშორისო შეჯიბრზე გამოჩნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ამგვარ კონკურსებზე აქამდე ქალები ფეხებს მხოლოდ რელიგიური მიზეზების გამო იფარავდნენ. თუმცა, ფოსი და მისი ორი თანაგუნდელი ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მათი სურვილით გამოჩნდნენ კოსტიუმებით, რომლებიც სხეულს მთლიანად ფარავდა.

სპორტსმენების თქმით, მათ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ქვეყნის ტანვარჯიშის ფედერაციამაც და ისინი ამით ამაყობენ.

ფედერაცია კი აცხადებს, რომ შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გამართულ შეჯიბრზე სპორტსმენების კოსტიუმები "მხატვრულ ტანვარჯიშში სექსუალიზების" პრობლემაზე უსვამდა ხაზს, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მწვავეა.

"ვიმედოვნებთ, რომ ის ტანმოვარჯიშეები, რომლებიც არაკომფორტულად გრძნობენ ჩვეულებრივ კოსტიუმში თავს, გამბედაობას გამოიჩენენ და მაგალითს აიღებენ ჩვენგან", — ამბობს ფოსი.

ფოსის აზრს მისი თანაგუნდელებიც იზიარებენ. კიმ ბუის თქმით, მათ სურდათ, სხვებისთვის გუნდურად მიეცათ მაგალითი. ელიზაბეთ ზაიცი კი დასძენს, რომ ამჯერად სანერვიულო არაფერი იყო, რადგან უხერხული მომენტის ალბათობა არ არსებობდა.

ფოტო: EPA

ფოტო: Getty Images

"ჩვენ, ქალებს, გვსურს, რომ საკუთარ სხეულში კომფორტულად ვგრძნობდეთ თავს, თუმცა ტანვარჯიშში უფრო და უფრო რთული ხდება ეს, როცა იზრდები და ბავშვური სხეულიც აღარ გაქვს. პატარა რომ ვიყავი, მოტკეცილ კოსტიუმს დიდ პრობლემად არ აღვიქვამდი, მაგრამ შემდეგ, გარდატეხის ასაკში, ძალიან უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა", — ასე ხსნის საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზს ფოსი.

ფედერაცია კი დასძენს, რომ სპორტი და ტანვარჯიში ის სფეროებია, სადაც ქალი ათლეტები საკუთარ სამოსში მუდამ კომფორტულად უნდა გრძნობდნენ თავს.

გერმანელი სპორტსმენების საქციელმა მოწონება დაიმსახურა სხვა ქვეყნების დელეგაციების მხრიდანაც. ნიდერლანდების ფედერაციის პრესსპიკერის თქმით, ჟიურის ხშირად დაუკლია მონაწილეებისთვის ქულები, როცა ისინი საკუთარი კოსტიუმის "გაკომფორტულებას" ცდილობდნენ.

როგორც ამას ბევრი სპორტსმენი ქალი აღნიშნავს, ტანვარჯიშში სექსუალიზებასთან ერთად ხშირია სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შემთხვევებიც.

ამერიკელი ტანმოვარჯიშე, სიმონ ბაილსი, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი თავადაც გახდა სპორტული ექიმის მხრიდან, ამბობს, რომ წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ერთ-ერთი მიზანი ამ პრობლემაზე ღიად საუბარი და სხვებისთვის ხმის მიწვდენაა.