ჯორჯიან მანგანეზის ინფორმაციით, გაფიცული მაღაროელების ნაწილთან შეთანხმება მიღწეულია და ისინი სამუშაო პროცესს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან.

"შეთანხმება მიღწეულია. გაფიცული მაღაროელებიდან "ჯი ემ ტექნიკა" სერვისის (ატეკას) თანამშრომლები სამუშაო პროცესს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან. დანარჩენ გაფიცულებთან გრძელდება მოლაპარაკებები. კომპანია იმედოვნებს რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება. შპს ჯორჯიან მანგანეზი 2021 წლის პირველი მაისიდან, დასაქმებულებთან ახალი ხელშეკრულებით განაგრძობს მუშაობას", — ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, ისინი 2021 წლის 1-ლი მაისიდან დასაქმებულებთან ახალი ხელშეკრულებით განაგრძობენ მუშაობას, რაც ითვალისწინებს:

  • მუშა-მოსამსახურეთა ყოველთვიური ანაზღაურების 250 ლარით მატებას;
  • ყოველწლიურ სადღესასწაულო პრემიას 250 ლარის ოდენობით;
  • ახალი ხელშეკრულებით დასაქმებულის მომატებული ანაზღაურება წელიწადში შეადგენს 3 250 ლარს.

მათივე თქმით, მაისის თვიდან ანაზღაურებას დაემატება ინდექსაცია, რაც ითვალისწინებს სატარიფო განაკვეთის 5,2%-ით მატებას.

როგორც On.ge-ს ერთ-ერთი მაღაროელი უყვება, ანაზღაურების 50%-ით გაზრდა ეკუთვნოდათ, თუმცა გაითვალისწინეს ის დასაქმებულები, ვისაც ხელფასის 50%-ით მატების შემთხვევაში უფრო ნაკლები დაერიცხებოდათ, ვიდრე ხელფასის შეთავაზებული 250 ლარით გაზრდის დროს.

"ისე მოხდა, რომ ნაწილს აწყობდა ეს პირობები და ნაწილს არა, მაგალითად 89%-ს აწყობდა, დანარჩენ 20%-ს არა. 80%-ს აწყობდა ისეთ ხალხს, ვინც მართლა გულით და შემართებით იყვნენ საქმესთან და ეს რეალური შემოგვთავაზეს ახლა. კი, გვეკუთვნოდა 50%, მაგრამ გავითვალისწინეთ, რომ 350 ლარად მუშაობენ ქალები, რომლებისთვისაც 50% 150 ლარი იყო და ეს 250 ლარი მოემატა ყველას", — ამბობს მაღაროელი.

23 აპრილს სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ჭიათურაში მაღაროელები კვლავ გაიფიცნენ. როგორც ერთ-ერთმა მაღაროელმა, გივი შერგილაშვილმა On.ge-ს უთხრა, მათი მოთხოვნები ხელფასების 50%-ით გაზრდა და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესება იყო.