ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში, ცენტრალურ გამზირზე გზა გადაკეტეს. გუმათიდან ქუთაისში მიდიან იქ მყოფი აქტივისტები და ქალაქის პიკეტირებას გეგმავენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ხელისუფლების პასუხი მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობაა, რასაც აქციებით პასუხობენ.

დღეს, 24 აპრილს 16 საათზე საქართველოს 13 ქალაქში ჰესის მოწინააღდეგეთა აქციები გაიმართა. გარდა ამისა, აქტივისტებმა 23 მაისს აქცია დააანონსეს თბილისშიც. მათი თქმით, აქციებს არ ჩაატარებენ ვნების კვირასა და აღდგომაში, რადგან მნიშვნელოვი ქრისტიანული დღესასწაულებია.

აქტივისტების მოთხოვნები და ხელისუფლების პასუხი

რიონის ხეობის აქტივისტები ხელისუფლების მხრიდან პირობებზე პასუხს ერთი კვირის განმავლობაში ელოდნენ. ამბობდნენ, რომ სამივე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სხვადასხვა ქალაქში მასშტაბურ აქციებს გამართავდნენ. ისინი ითხოვდნენ, მოიხსნას ბარიკადები, რომ მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილებისა და იმავე სივრცეში პროტესტის გაგრძელების საშუალება, ასევე, კომპანია ENKA-მ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეაჩეროს.

დღეს, 24 აპრილს მთავრობამ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ:

  • ენკასთან დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს;
  • მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი;
  • მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს გააგრძელებს;
  • ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის ბარიერებს;
    აქტივისტებს კარვის გასაშლელად ადგილს შეარჩევინებენ.

რამდენიმეთვიანი უწყვეტი პროტესტის, ნამახვანში კარვების დაშლის, სოფლამდე მისასვლელი გზის გადაკეტვის და პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ 16 აპრილს სამთავრობო გუნდი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრა მოულოდნელად, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა, თუმცა ამას წინ უძღოდა საპატრიარქოს მოწოდება მოლაპარაკების აუცილებლობაზე.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით აქტივისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, ორი გუბერნატორი და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები შეხვდნენ.