"ქართული ოცნება აგრძელებს რღვევას. ოპოზიცია სწრაფად უნდა გაერთიანდეს", — ასე ეხმიანება პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გადადგომას.

"შეთანხმების ბოლომდე შესრულება მოუწევთ, ადგილობრივზე 42-ს კი არა, 22-ს ვერ აიღებენ, ვადამდელი გარანტირებული იქნება. ჩვენს მხარეს გადმოვიდა ყველაფერი-დასავლეთის აზრიც, შიდა პოლიტიკური ვითარებაც. იმედია, ჭკუა ეყოფა ოპოზიციას და ერთმანეთის დაჭმას არ გადააყოლებს უტყუარ გამარჯვებას", — წერს ის სოციალურ ქსელში.

დღეს, 24 აპრილს არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. წასვლის მიზეზად ის დაასახელა, რომ აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში როგორც მხარე, პარლამენტის სპიკერი კი მიუკერძოებელი უნდა იყოს.

"ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე", — განაცხადა მან ბრიფინგზე.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თალაკვაძემ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად მან კახა კუჭავა წარადგინა და აღნიშნა, რომ თალაკვაძე ვიცე-სპიკერი გახდება.