ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლების პასუხი მათთვის მისაღები არ არის და აქციებს გამართავენ. კერძოდ, მათ დღეს მათ რამდენიმე მცირე აქცია დააანონსეს, მასშტაბური კი 23 მაისს დედაქალაქში გაიმართება.

"რაც შეეხება ჩვენს გრძელვადიან გეგმას და თბილისში გადატანას ჩვენი აქციისას, ვაანონსებთ თარიღს 24 მაისს. ჩვენ ახლა ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, მოდის მნიშვნელოვანი დღეები, ვნების კვირა, აღდგომის დღესასწაული, შემდეგ სხვადასხვა თარიღები პარტიული ნიშნით არის დაკავებული და მაქსიმალურად გადავწიეთ ჩვენი ძირითადი დიდი აქციის ჩატარება დედაქალაქში.

მოვემზადებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა აქაც გაგრძელდება პროტესტი, სადაც ვართ. თან მოვემზადებით და 23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში", — განცხადა გოლეთიანმა.

აქტივისტების მოთხოვნები და ხელისუფლების პასუხი

რიონის ხეობის აქტივისტები ხელისუფლების მხრიდან პირობებზე პასუხს ერთი კვირის განმავლობაში ელოდნენ. ამბობდნენ, რომ სამივე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სხვადასხვა ქალაქში მასშტაბურ აქციებს გამართავდნენ. ისინი ითხოვდნენ, მოიხსნას ბარიკადები, რომ მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილებისა და იმავე სივრცეში პროტესტის გაგრძელების საშუალება, ასევე, კომპანია ENKA-მ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეაჩეროს.

დღეს, 24 აპრილს მთავრობამ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ:

  • ენკასთან დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს;
  • მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი;
  • მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს გააგრძელებს;
  • ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის ბარიერებს;
    აქტივისტებს კარვის გასაშლელად ადგილს შეარჩევინებენ.

რამდენიმეთვიანი უწყვეტი პროტესტის, ნამახვანში კარვების დაშლის, სოფლამდე მისასვლელი გზის გადაკეტვის და პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ 16 აპრილს სამთავრობო გუნდი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრა მოულოდნელად, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა, თუმცა ამას წინ უძღოდა საპატრიარქოს მოწოდება მოლაპარაკების აუცილებლობაზე.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით აქტივისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, ორი გუბერნატორი და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები შეხვდნენ.