რიონის ხეობის აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. როგორც მას უთხრეს, ხელისუფლების ოფიციალური განცხადება ხვალ, 12 საათამდე გახდება ცნობილი.

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მას პრემიერის წარმომადგენელი, ლერი ბარნაბიშვილი ესაუბრა და ადგილობრივების მიერ წაყენებული პირობების სანახევროდ შესრულებაზეა თანახმა.

"ითქვა, რომ ნაწილობრივ აიღებენ ამ ბარიკადებს იმ თვალსაზრისით, რომ გადაადგილების საშუალება მოგვეცემა შეზღუდული რაოდენობით. აქ იყო საუბარი 30-დან 40 კაცამდე. ასევე სამუშაო პროცესი გაგრძელდება, ანუ გზის მშენებლობაზე აქვთ აქცენტი. თუმცაღა ეს ჩვენთვის ერთიანი პროცესია. კარგად ვიცით, რომ გზა შენდება იქ იმიტომ, რომ ჰესი უნდა აშენდეს", — ამბობს გოლეთიანი.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ თუ სამივე მოთხოვნა არ შესრულდება, სხვადასხვა ქალაქში მასშტაბურ აქციებს დაიწყებენ.

რიონის ხეობის აქტივისტები ხელისუფლების მხრიდან პირობების შესრულებას ელიან, კერძოდ მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილებისა და იმავე სივრცეში პროტესტის გაგრძელების საშუალება. ამასთან, ადგილობრივები მოითხოვენ, რომ კომპანია ENKA-მ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეაჩეროს.

რიონის ხეობის აქტივისტები მთავრობის წარმომადგენლებს ქუთაისის მერიაში 16 აპრილს შეხვდნენ. ადგილობრივებმა შეხვედრაზე სამი პირობა დააყენეს, რათა გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგისთვის.

ამავე თემაზე: