სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში მისი მეტოქე ბელორუსი კირილ მასკევიჩი იქნება, რომელიც გასული წლის ბოლოს გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებულია.

ფინალური შეხვედრა ხვალ, 24 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

2019 წლის 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს ინციდენტი მოხდა. რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს მუშტი სახეში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ ჩაარტყა. ვიდეომასალის მიხედვით, ფედერაციის პრეზიდენტში ხელში რაღაც ნივთი უჭირავს, რომელსაც სპორტსმენის მიმართულებით იქნევს და შემდეგ მუშტს არტყამს. ამ ფაქტის შემდეგ დათუნაშვილს სახიდან სისხლი მოსდის.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით იმავე წლის 22 იანვარს, საღამოს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. მოჭიდავეების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებდა. ისინი გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირება ინციდენტი იყო, რომელიც ფედერაციაშივე უნდა დასრულებულიყო.

გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 იანვარს იმსჯელა. მან ციხე 5 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. გარდა ამისა, მან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეინარჩუნა.

ამ ინციდენტის შემდეგ დათუნაშვილი ამბობდა, რომ არჩევანის წინაშეა დაასრულოს კარიერა ან სხვა ქვეყნის სახელი იასპარეზოს. გარდა ამისა, სპორტსმენი აცხადებდა, რომ ჭიდაობის ფედერაცია კარიერის დასრულებას აიძულებდა, რადგან სხვა ქვეყნის სახელით ჭიდაობის უფლებას არ აძლევდნენ. მაშინ ფედერაცია ბრალდებებს უარყოფდა, ხოლო გეგეშიძე ამბობდა, რომ დათუნაშვილმა ქვეყნიდან წასვლა დიდი ხნით ადრე გადაწყვიტა.